
„საუბარია სერიოზულ დივერსიაზე“: შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა Nord Stream–ის მილსადენების დაზიანების მიზეზი დაასახელა
18/11/2022 11:19:56 ევროპა
შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, Nord Stream–ისგაზსადენები დივერსიის შედეგად დაზიანდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს ინტენსიურ მუშაობას Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებების წინასწარი გამოძიების ფარგლებში. გამოძიება ცხადყოფს, რომ საუბარია სერიოზულ დივერსიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბალტიის ზღვაში, აფეთქებების ადგილების დათვალიერებისას ექსპერტებმა „უცხო ობიექტები“ და ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს.
„გამოძიება მასშტაბური და რთულია. მიმდინარე წინასწარმა გამოძიებამ უნდა აჩვენოს, არის თუ არა შესაძლებელი ვინმესთვის ბრალის წაყენება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა“, - ხაზს უსვამენ უწყებაში.
იმის შესახებ, რომ გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებები დივერსიაა, ასევე განაცხადა შვედმა პროკურორმა მატს იუნგკვისტმა. მან გააჟღერა იგივე ფაქტები, რაზეც მიუთითა შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დასძინა, რომ მედიისთვის დამატებითი ცნობების მიწოდება არ შეუძლია.
გაზსადენები 26 სექტემბერსდაზიანდა – გაჟონვა ერთდროულად დაფიქსირდა ოთხ ადგილას დანიისა და შვედეთის ეკონომიკურ ზონებში. რუსული „გაზპრომის“ ინფორმაციით, დაზიანებულ გაზსადენებში დაახლოებით, 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყო, რაც დანიის სამი თვის მოხმარების ტოლფასია. ინციდენტის მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა, როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ასევე რუსეთი და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ეს იყო მიზანმიმართული დივერსია - ნგრევის მოცულობა უპრეცედენტოა და, ექსპერტების აზრით, არ შეიძლებოდა, ის უბრალო ავარიას გამოეწვია. დივერსიის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს მილსადენების მწყობრიდან თითქმის ერთდროული გამოსვლაც.
გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზსადენების შეკეთება, რომლის მშენებლობაც მილიარდობით დოლარი დაჯდა, შეუძლებელია. რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა კვირას განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის აღდგენის "ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს", მაგრამ ამას დრო და ფული დასჭირდება.
გაეროში განაცხადეს, რომ გაზსადენის სისტემის დაზიანებამ გამოიწვია მეთანის ყველაზე დიდი გამოყოფა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. სატელიტური სურათების ანალიზმა გამოავლინა უაღრესად კონცენტრირებული მეთანის უზარმაზარი გროვა, რომელიც აზიანებს გარემოს.