
რუსებმა ყირიმის გამაგრება დაიწყეს
18/11/2022 11:39:39 ევროპა
ანექსირებული ყირიმის რუსულმა ხელისუფლებამ დაიწყო საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა ნახევარკუნძულის უკრაინული არმიის შეტევისგან დასაცავად. ამასთან, ხერსონის რეგიონში უსაფრთხოების ძირითადი ზომები უნდა იქნას მიღებული, – განაცხადა ყირიმის „ხელმძღვანელმა“ სერგეი აქსიონოვმა.
„ყირიმის ტერიტორიაზე, მათ შორის ჩემი კონტროლის ქვეშ, მიმდინარეობს საფორტიფიკაციო სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს ყირიმელთა უსაფრთხოების გარანტიირებას“, - განაცხადა აქსიონოვმა „მთავრობის“ წევრებთან შეხვედრაზე.
აქსიონოვის მიერ ნახსენები სამუშაოები გულისხმობს მათ შორის, სანგრების, ბარიერების და სხვა თავდაცვითი ნაგებობების მოწობას.
იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაიწყო ყირიმის ჩრდილოეთით ძველი თხრილების აღდგენა და ახალი თხრილების გაყვანა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხერსონიდან უკან დახევამდე, გასულ კვირას იუწყებოდა OSINT-ის ანალიტიკოსი ბანჯამინ პიტეტიც.
მან გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომელზეც ჩანდა თხრილები ჯანკოისა და ჩონგარის საგუშაგოების მახლობლად, ხერსონის რეგიონის საზღვარზე, ისევე როგორც არმიანსკის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთ ყირიმში.
"ისინი აშენებენ ციხესიმაგრეს", - აღნიშნა პიტეტმა.
ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვა მათი პრიორიტეტი გახდა, – წერს ბრიტანული დაზვერვა უახლეს ანგარიშში.
უწყების ცნობით, რუსები ამზადებენ თავდაცვით ხაზებს ხერსონის რეგიონში, რომლის ტერიტორიის 60% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. კერძოდ, სამხედროებმა ყირიმთან ახალი თხრილების სისტემები აღჭურეს.ზოგიერთი მათგანი განლაგებულია ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან 60 კმ-მდე დაშორებით. ბრიტანული დაზვერვა ამას აღიქვამს, როგორც რუსეთის მზადებას უკრაინული ძალების შემდგომი მნიშვნელოვანი გარღვევისთვის.
თუმცა, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლოა, ხელი შეუალოს რუსეთის თავდაცვის გაძლიერებამ ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილზე გადის კომუნიკაციის რამდენიმე მსხვილი სახმელეთო ხაზი სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ეს არის მაგისტრალები ნოვაია კახოვკა - არმიანსკი, ნოვაია კახოვკა - გენიჩესკი და M14 გზატკეცილი, რომელიც მიდის აღმოსავლეთით მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, შეაფერხოს რუსული ჯარების გადაჯგუფება არტილერიის გამოყენებით, როგორც ეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გააკეთეს და მიაღწიეს კიდეც ხერსონის დეოკუპაციას.
”უკრაინის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ასეთი დრამატული შედეგების მიღწევა ხერსონის რეგიონის აღმოსავლეთით, მაგრამ მათ შეუძლიათ შეაჩერონ რუსეთის ძალისხმევა, გააძლიერონ და შეინარჩუნონ თავიანთი ახალი თავდაცვითი ხაზები,” - ასკვნიან სამხედრო ექსპერტები.