
კადიროვმა მის მიერ კონტროლირებადი მედიის დაფინანსება გაზარდა
18/11/2022 12:49:49 კავკასია
ჩეჩნეთში მასმედიაზე გაწეული ხარჯები შარშანდელთან შედარებით 40 მილიონი რუბლით გაიზარდა და 433,8 მილიონი შეადგინა, – აღნიშნული ირკვევა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მუსლიმ ხუჩიევის მიერ დამტკიცებული ანგარიშიდან ბიუჯეტის ცხრა თვის განმავლობაში შესრულების შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ჩეჩნურ მედიაზე ბიუჯეტიდან 433,8 მილიონი რუბლი დაიხარჯა, მათ შორის 200 მილიონი სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობაზე. რესპუბლიკაში მოქმედებს სახელმწიფო ტელეარხი „გროზნი“ და ახმატ კადიროვის სახელობის „რუსეთის პირველი ისლამური ტელერადიოკომპანია“. კიდევ 158 მილიონი რუბლი დაიხარჯა სუბსიდიების სახით ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ინსტიტუტებისთვის. მათ შორისაა, საინფორმაციო სააგენტოები და გაზეთები – „გროზნი ინფორმი“, „ვესტი რესპუბლიკი“, „დაიმოხი“ და ა.შ.
ჩეჩნეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 2022 წლის ცხრა თვის განმავლობაში 6,7 მილიარდი რუბლი შეადგინა.
რამზან კადიროვმა დაახლოებით 20 მილიარდი რუბლი დახარჯა რუსეთის არმიაში მებრძოლი ჩეჩნეთიდან შენაერთების მომარაგებისთვის, – განაცხადა რესპუბლიკური პარლამენტის ხელმძღვანელმა მაგომედ დაუდოვმა გროზნოში გამართულ შეხვედრაზე. მას არ დაუკონკრეტებია ოდენობა და უცნობია სავარაუდო დახარჯული თანხის წყაროც.