
დეოკუპირებულ ხერსონში კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა
19/11/2022 11:36:49 ევროპა
19 ნოემბერს კიევიდან სამგზავრო მატარებელი ჩავიდა დეოკუპირებულ ხერსონში. ეს არის ხერსონში ჩასული პირველი შემადგენლობა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
გათავისუფლებულ ქალაქში ჩავიდა 200 მგზავრი, რომლებმაც "გამარჯვების ბილეთები" შეიძინეს. მატარებელში ასევე არის საფოსტო ვაგონი, რომელმაც ხერსონის მცხოვრებლებს წერილები და ამანათები ჩაუტანა.
მატარებლების მოძრაობა ხერსონიდან შეწყდა 24 თებერვალს, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ქალაქის ოკუპაციის დროს არ სრულდებოდა გრაფიკით გათვალისწინებული სარკინიგზო მიმოსვლა უკრაინის სხვა ქალაქებთან და შეუძლებელი იყო საევაკუაციო მატარებლების ჩასვლა იმ რეგიონებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები გაგრძელდა.
სახელმწიფო კომპანია "უკრზალიზნიცას" გადაწყვეტილებით მატარებლები ხერსონის მიმართულებით კიევიდან ლუწ რიცხვებში გაემგზავრებიან, ხოლო ხერსონიდან კიევში - კენტ რიცხვებში. კიევიდან ხერსონისკენ მიმავალმა პირველმა მატარებელმა კი უკრაინის დედაქალაქი დედაქალაქი 18 ნოემბერს, 22:14 საათზე დატოვა.