
გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს - უკრაინის პროკურატურა
21/11/2022 06:30:44 ევროპა
უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ჯარებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, დაღუპულთა 90%-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა.
კოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებულია 20-ზე მეტი ე.წ. წამების ობიექტი - ადგილები, სადაც, გამოძიების თანახმად, რუსი სამხედროები აწამებდნენ უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს.
ცხედრების უმეტესობა ხარკოვის რეგიონში აღმოაჩინეს. თუმცა იქ უკრაინული ჯარების შეტევა წარმატებით ადრე დასრულდა, ვიდრე ხერსონში, სადაც, უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე მუშაობა ახლა იწყება.
კოსტინმა არ დააკონკრეტა იმ ადამიანების გარდაცვალების მიზეზები, რომელთა ცხედრებიც იპოვეს რუსი სამხედროების მიერ ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
უკრაინაში, უახლესი მონაცემებით, 45 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ რუსი სამხედროების მიერ სავარაუდო დანაშაულებს. ამ დრომდე მხოლოდ მცირე რაოდენობამ მიაღწია სასამართლოს. გასამართლდა ტყვედ აყვანილი 12 რუსი სამხედრო.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 8300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 437 ბავშვი, დაიღუპა თებერვლის ბოლოს რუსული შეჭრის დაწყების შემდეგ. ეს არასრული მონაცემებია. დაღუპულთა უმეტესობა, წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის მსხვერპლი გახდა.