ევროპაში პოლონეთის სახით ახალი სამხედრო ზესახელმწიფო ყალიბდება

21-11-2022 21:08:33 მსოფლიო

ევროპაში პოლონეთის სახით ახალი სამხედრო ზესახელმწიფო ყალიბდება, - წერს გამოცემა "Politico". როგორც მის სტატიაშია აღნიშნული, "გამძლეობა, რომლითაც ქვეყანამ გასულ კვირას მის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ვარდნას უპასუხა, ასახავს იმ მარტივ რეალობას, რომელიც ბევრს რჩება მხედველობიდან: პოლონეთს ევროპაში საუკეთესო ჯარი ჰყავს და ის კიდევ უფრო გაძლიერდება".

"მიუხედავად იმისა, რომ გერმანია - აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში, კვლავინდებურად იკავებს ცენტრალურ ადგილს სამხედრო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, ბერლინში მიმდინარე გაუთავებელი დავები შეიარაღებული ძალების განვითარების გზების თაობაზე გერმანიას ნაკლებ ეფექტურ პარტნიორად აქცევს" - განუცხადა გამოცემას ევროპაში ამერიკული არმიის გავლენიანმა ოფიცერმა.

გასულ წელს გერმანიის თავდაცვის ხარჯებმა ქვეყნის მშპ-ის 1,5% შეადგინა, ახლა კი მთავრობა მსჯელობს იმაზე, შეძლებს თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული 2%-იანი ნიშნულის მიღწევას მას შემდეგ, რაც თავდაცვაში ინვესტირებისთვის განსაზღვრული წლევანდელი 100 მლრდ ევროიან ფონდს ამოწურავს. "მათ შორის ამის გამოც იქცა პოლონეთი აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად კონტინენტურ ევროპაში" - განმარტავს "Politico"-სთან საუბრისას ამერიკული არმიის ოფიცერი.

მაგრამ პოლონეთის ამ სტატუსის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად იგი ქვეყნის დამსახურებებს ასახელებს და არა გერმანიის მთავრობის ერთგვარ გაუბედავობას. ვარშავამ განაცხადა, რომ სამხედრო ხარჯებს მშპ-ის 2,4-დან 5%-მდე გაზრდის. თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა კი ივლისში პირობა დადო, რომ ქვეყანას "ევროპაში ყველაზე მძლავრი სახმელეთო ძალები ეყოლება".

ამჟამად პოლონეთის არმია დაახლოებით 150 000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, მაშინ, როცა გერმანიას 170 000 ჰყავს, თუმცა 2035 წლისთვის მათი რაოდენობის გაორმაგებაა დაგეგილი. ამასთან, პოლონეთს უკვე დღეს აქვს შეიარაღებაში მეტი ტანკი და ჰაუბიცა, ვიდრე გერმანიას.

პოლონეთმა პირველმა გადასცა უკრაინას საბჭოთა წარმოების ტანკები (240 ერთეული Т-72) და მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ვერ ჩაანაცვლა ისინი თავისი "ლეოპარდებით", რის შესახებაც აპრილში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, პოლონეთმა სწრაფად იპოვა სხვა მიმწოდებლები. კერძოდ, მან $4,9 მლრდ დახარჯა 250 ერთეული ამერიკული "Abrams"-ის შეძენაზე, ივლისში კი სამხრეთ კორეისგან თითქმის 1000 ერთეული ტანკის, 600-ზე მეტი ერთეული ჰაუბიცებისა და ათობით გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ეს მიწოდებები ათწლეულის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს. ამასთან, უკვე 2022 წელს ქვეყანა მიიღებს ხსენებული ტანკების 180 ერთეულს, 200 ჰაუბიცას, 48 გამანადგურებელსა და 218 სარაკეტო სისტემას. შეიარაღებების შესახებ საიტ "Nowa Technika Wojskowa"-ს შეფასებით, კორეულ შეკვეთებზე პოლონეთმა $10-12 მლრდ დახარჯა.

გასულ კვირას ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ვარდნასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ნატო პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას გააძლიერებს, - დარწმუნებულია ავსტრალიური არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი მიკ რაიანი. მისივე აზრით, ვარშავა ასევე მიიღებს სხვა დახმარებას, მათ შორის - ახალ საარტილერიო სისტემებსა და ჯავშანმანქანებს.

"ჩვენ იმდენად მძლავრი ჯარი უნდა შევქმნათ, რომ მას ბრძოლაც კი არ მოუწიოს და საკუთარი სიძლიერითაც კი შეეძლოს მტრის შეკავება. ამასთან შეიარაღების ხარისხი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც 2023 წელს ჯარის მოდერნიზებაზე 100 მლრდ ზლოტს ($21,8 მლრდ) დავხარჯავთ. უკრაინის მცირერიცხოვანი ჯარის კარგი შეიარაღება სადღეისოდ ეფექტურად იცავს ქვეყანას რუსი ბარბაროსების გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარისგან" - განაცხადა 11 ნოემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების, აშშ-ისა და ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მსვლელობისას.

აღსანიშნვია, რომ პოლონეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის 2017 წელს ჩამოყალიბებული ტერიტორიული თავდაცვის ძალების 30 000-მდე მებრძოლიც, რომელიც რეგულარულ მომზადებას გადის. "თავიდან ქვეყანაში ამ სტრუქტურის ჩამოყალიბება ირონიით აღიქვეს. მაგრამ როდესაც უკრაინის ტერიტორიულმა თავდაცვამ მიმდინარე ომში თავისი მაღალი ეფექტურობა აჩვენა, ეჭვები და ირონია სრულად გაიფანტა" - წერს "Politico".

"ზოგადად, სადღეისოდ პოლონელებს გაცილებით უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ სამხედროების მიმართ, ვიდრე გერმანიის მოქალაქეებს, რადგან პოლონელებს გააჩნიათ საკუთარი თავისუფლების დაცვის გამოცდილება.

"სადღეისოდ ევროპისა და ამერიკის სამხედრო წრეებში პოლონური არმიის ხარისხს ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს", - დასძენს გამოცემასთან საუბრისას ავსტრიელი სამხედრო ექსპერტი, ევროპის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს წარმომადგენელი გუსტავ გრისელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები