
The Times-მა ხერსონში უკრაინელი დირიჟორის მკვლელობის გარემოებები გაარკვია
21/11/2022 18:14:10 ევროპა
ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა გაარკვია ხერსონის მუსიკისა და დრამის თეატრის დირიჟორის იური კერპატენკოს მკვლელობის დეტალები, რომელმაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უარი თქვა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
გამოცემის ჟურნალისტებმა, რომლებმაც კერპატენკოს მეზობლები გამოკითხეს, მომხდარის უშუალო მოწმეები იპოვეს.
მეზობლების თქმით, 28 სექტემბერს, დილის შვიდ საათზე, კერპატენკოს ბინაში რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ექვსი მამაკაცი ავიდა და მას კარების გაღება მოსთხოვა. ხმაურზე დირიჟორის ერთ-ერთმა მეზობელმა, 75 წლის პენსიონერმა, ბინიდან გაიხედა. მას სამხედროებმა უთხრეს, რომ კარი დაეკეტა და ამ შემთხვევაში, არ შეეხებოდნენ. მალე მეზობელმა გაიგონა ავტომატიდან სროლის ხმა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მან კარი კვლა გააღო, დაინახა კერპატენკოს ცხედარი, რომელიც მისი ბინასთან, იატაკზე იყო სისხლით გაჟღენთილი.
გარდა ამისა, მეზობლებმა განაცხადეს, რომ დირიჟორის მკვლელობის დროს, სახლთან ახლოს, ქუჩაში იდგა კიდევ რამდენიმე რუსი სამხედრო და ФСБ ოფიცერი, რომლებმაც იარაღი ასწიეს და ფანჯრებს დაუმიზნეს.
თვითმხილველები ასევე ამტკიცებენ, რომ მკვლელობის შემდეგ კერპატენკოს ცხედარი შუადღემდე სადარბაზოში ესვენა. ის მოგვიანებით წაიღეს და ჯერ არავინ იცის, სად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი The Times-ის მასალაზე.
სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა ხერსონის მუსიკისა და დრამის თეატრის მთავარი დირიჟორის, 46 წლის იური კერპატენკოს გაუჩინარების შესახებ. მოგვიანებით უკრაინის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მუსიკოსი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო მოკლეს, თუმცა კერპატნეკოს გარდაცვალების ზუსტი თარიღი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. გაუჩინარებამდე მან საჯაროდ ისაუბრა უკრაინის მხარდასაჭერად, გააკრიტიკა საოკუპაციო ხელისუფლება და რუსი სამხედროები.
ხერსონი რუსულმა ჯარებმა მარტში დაიპყრეს. ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის არმიის ზეწოლის ქვეშ, რუსეთის სარდლობამ გადაწყვიტა ჯარების გაყვანა ხერსონიდან. 11 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები ხერსონში შევიდნენა.