
კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
21/11/2022 19:25:56 ევროპა
ბრიუსელში კოსოვოსა და სერბეთს შორის ევროკავშირის შუამავლობით მანქანების სანომრე ნიშნების აკრძალვის საკითხზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ევროკავშირი მხარეებს შესაძლო ესკალაციისა და ძალადობის შესახებ აფრთხილებს.
როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირის ინიციატივა მიიღო, თუმცა მასზე უარი თქვა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.
მისი თქმით, აცნობებს ევროკავშირის წევრებს, ორი ქვეყანა უპატივცემულობას იჩენს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მიმართ და აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის გათვალისწინებით, ისინი შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ.
კოსოვოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 150 ევროთი დააჯარიმოს ის მძღოლები, რომლებიც 1 ნოემბრიდან სერბულ სარეგისტრაციო ნომრებს არ შეცვლიან. ჯერ–ჯერობით მძროლები მხოლოდ გაფრთხილებებს იღებენ. გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება 2023 წლის 21 აპრილამდე, რის შემდეგაც პოლიციამ პირობა დადო, რომ დაიწყებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაციას. საპასუხოდ კოსოვოელი სერბების ლიდერი გორან რაკიჩი დაიმუქრა კოსოვოში ყველა შესასვლელ–გასასვლელის ბლოკირებით.
პრიშტინას 1 აგვისტოდან სურდა სერბული დოკუმენტების და სანომრე ნიშნების ბათილად ცნობა. სანაცვლოდ გეგმავდნენ დროებითი მოწმობის გაცემას. ასევე იგეგმებოდა სერბული ნომრის მანქანების სავალდებულო გადარეგისტრირების დაწყება. შედეგად ვითარება დაიძაბა: 31 ივლისს სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე სროლა იყო, ტერიტორიაზე მცხოვრებმა სერბებმა გზებზე ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.
მაშინ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის შუამავლობით, მხარეებმა კომპრომისის მიღწევა მოახერხეს და კოსოვომ ახალი წესების შემოღება გადადო. შემოდგომაზე ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე, რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.