
ცქიტიშვილის პოზიციის მიუხედავად, კონსორციუმს პარლამენტში ანაკლიის პროექტის შესახებ საუბარი სურს
22/10/2019 11:11:19 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის პოზიციის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პარლამენტში პორტის პროექტის შესახებ საუბარი სურს.
„მზად ვართ მივიღოთ მოწვევა, გავაკეთოთ მოხსენება პროექტის შესახებ და კითხვებს გავცეთ პასუხი. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ეს მოხდეს სამინისტროსთან ერთად. პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის, გვსურს საქმიანი საუბარი და ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ თუ პარლამენტში მიგვიწვევენ, მივიდეთ“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ცნობისთვის: მაია ცქიტიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება.
„ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის საკითხზე პარლამენტში შეხვედრას და საკითხზე დისკუსიის გამართვას სთავაზობენ.