მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

22-11-2022 14:55:45 პოლიტიკა ,თავდაცვა

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება NATO-ს სტანდარტებთან.

"პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია. პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა.მშენებლობის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ჩვენი ვალია, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ქართული ჯარი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს თქვენთვის, ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. ბოლო წლებში ჩვენ, ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და დღესაც ჩვენ, ყველანი ერთად, აღვნიშნავთ მართლაც მასშტაბური პროექტის დაწყებას მუხროვანის ბაზაზე. ეს იყო ჩვენი დაპირება. აშენდება ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შეესაბამება NATO-ს სტანდარტებს. ესაა 70 მლნ-იანი პროექტი, რომლის მშენებლობაც დღეს, სიმბოლურად, ეგრეთ წოდებული კაფსულის ჩადებით დავიწყეთ და სულ რაღაც 2 წელიწადში დასრულდება სამუშაოები,“ - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული დახმარებისათვის.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი:"ჩვენი ვალია, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ქართული ჯარი"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები