ქვეყნების უმრავლესობამ რუსული "Мир"-ის მომსახურება შეწყვიტა

22-11-2022 21:55:30 ეკონომიკა

ქვეყნების უმრავლესობამ (9-დან 6-მა), სადაც რუსული საბანკო ბარათი "Мир" მოქმედებდა, მისი მომსახურება შეწყვიტა. მიზეზი აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკია, - იუწყება "Bloomberg"-ი.

სააგენტოს ანალიტიკოსები შექმნილ ვითარებას აფასებენ რუსეთის მცდელობის კრახად, ფინანსური იზოლაციის პირობებში Visa-სა დაMastercard-ის საკუთარი ალტერნატივა ჩამოეყალიბებინა.

როგორც "Bloomberg"-ის რესპონდენტები აღნიშნავენ, რუსეთის ცენტრალურ ბანკში გაკვირვებულები დარჩნენ ე.წ. მეგობრული ქვეყნების გადაწყვეტილებით, გაეწყვიტათ თანამშრომლობა რუსულ ფინანსურ სისტემასთან. ამჟამად, სააგენტოს მონაცემებით, ცენტრალური ბანკი სხვა ალტერნატივის ძიებაშია.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში "Мир"-ის გამოყენებით ოპერაციები სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტეს უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, თურქეთსა და ვიეტნამში. მართალია, თურქეთში საგანგებოდ რუსი ტურისტებისთვის ახალი ერთობლივი საგადახდო სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე საუბრობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მოსკოვის მიმართ დააწესა სანქციები, რომელიც საბანკო სფეროსაც მოიცავს. მარტის დასაწყისში რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ორმა ძირითადმა საგადახდო სისტემამ - Visa-მ და Mastercard-მაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები