
პუტინი: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კარგი საფუძველი შეიქმნა მომავალი კომპრომისებისთვის“
23/11/2022 15:22:54 კავკასია
სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩასულმა კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სოჭში სომხეთ–აზერბაიჯან–რუსეთის ლიდერებს შორის გამართულმა სამმხრივმა შეხვედრამ და შემდეგ გაკეთებულმა კარგი საფუძველი შექმნა მომავალი კომპრომისებისთვის. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
პუტინის თქმით, დელიმიტაციის, სატრანსპორტო კვანძების განბლოკვისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების შესახებ შეთანხმების თანმიმდევრული განხორციელებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტაბილური ნორმალიზაცია შესაძლებელია.
როგორც მედია აღნიშნავს, პუტნის თქმით, სომხურ–აზერბაიჯანული საკითხი ყურადღებას მოითხოვს და მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების შესრულება ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას გახდის შესაძლებელს.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სამწუხაროა, რომ სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობამ ვერ შეაჩერა აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან. უფრო მეტიც, ჩვენ დღემდე ფაქტობრივად, ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე აზერბაიჯანის სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე“.
მისივე თქმით, ამ ფაქტზმა დააზიანა ორგანიზაციის იმიჯიც.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სომხეთი სულ მცირე, სამჯერ გახდა აზერბაიჯანის აგრესიის მსხვერპლი.
„იგივე შემიძლია, ვთქვა ჩვენს მოკავშირეებს (ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს) შორის არსებულ ესკალაციაზე“.
ამასთან, მან გაიხსენა ყაზახეთში მიმდინარე პროტესტისას ორგანიზაციის გადაწყვეტილება ყაზახეთის თხოვნის კვალდაკვალ:
„ამ შემთხვევაში ჩვენ საკითხი ღამით გადავწყვიტეთ, რამაც საშუალება მისცა ყაზახეთს, შიდა ქაოსი აერიდებინა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოკავშირეების მიდგომების ჰარმონიზაციას და მივაღწევთ კარგად კოორდინირებულ კოლექტიურ ურთიერთქმედებას აქტუალურ საკითხებზე“, - დასძინა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, პუტინმა თქვა, რომ ორგანიზაციის პრობლემებზე საუბარი კამერების გარეშე წარიმართება.