ფაშინიანმა ОДКБ–ს ლიდერები ორგანიზაციის უუნარობის გამო გააკრიტიკა

23-11-2022 19:54:48 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 ნოემბერს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ჩასული ლიდერები ორგანიზაციის უუნარობის გამო გააკრიტიკა.

კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სამწუხაროა, რომ სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობამ ვერ შეაჩერა აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან. უფრო მეტიც, ჩვენ დღემდე ფაქტობრივად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე აზერბაიჯანის სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე“.

მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება აზიანებს ორგანიზაციას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ОДКБ–ს წევრი სომხეთი სულ მცირე, სამჯერ გახდა აზერბაიჯანის აგრესიის მსხვერპლი.

„იგივე შემიძლია, ვთქვა ჩვენს მოკავშირეებს (ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს) შორის არსებულ ესკალაციაზე“.

ამასთან, მან გაიხსენა ყაზახეთში მიმდინარე პროტესტისას ორგანიზაციის გადაწყვეტილება ყაზახეთის თხოვნის კვალდაკვალ:

„ამ შემთხვევაში ჩვენ საკითხი ღამით გადავწყვიტეთ, რამაც საშუალება მისცა ყაზახეთს, შიდა ქაოსი აერიდებინა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოკავშირეების მიდგომების ჰარმონიზაციას და მივაღწევთ კარგად კოორდინირებულ კოლექტიურ ურთიერთქმედებას აქტუალურ საკითხებზე“, - დასძინა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, პუტინმა თქვა, რომ ორგანიზაციის პრობლემებზე საუბარი კამერების გარეშე წარიმართება.

სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში ქვეყნებს შორის მომხდარი მასშტაბური შეტაკების შემდეგ, სომხეთში სულ უფრო ხშირად ჟღერს ОДКБ–ს დატოვების შესახებ მოწოდებები. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია ერევანში 22 ნოემბერსაც გაიმართა. დემონსტრანტები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლასთან ერთად, ქვეყნაში ვლადიმირ პუტინის და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებითაც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები