ევროპაში მშვიდობა პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის მდგრადობასა და დაცულობაზე – ზალუჟნი

23-11-2022 23:49:23 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გამოეხმაურა რუსეთის ჯარების მორიგ მასიურ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

„იმის გამო, რომ ვერ დაძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა, მტერი ომს აწარმოებს მშვიდობიანი მოსახლეობის, თბოელექტროსადგურების, სამედიცინო დაწესებულებების და ჩვილების წინააღმდეგაც კი.

დღევანდელი შეტევის დროს მტერმა გაისროლა 67 ფრთოსანი რაკეტა (Kh-101/Kh-555) და საზღვაო (კალიბრი).უკრაინის საჰაერო ძალებმა თავდაცვის სხვა ძალებთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს 51 ფრთოსანი რაკეტა, ასევე 5 „ლანცეტის“ ტიპის კამიკაძე დრონი. მხოლოდ კიევზე გამოუშვეს 30 რაკეტა, მათგან 20 განადგურდებულია“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს „შესაძლებლობის ზღვარზე“ გაწეული მუშაობისთვის, განსაკუთრებით „იარაღის, აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის მუდმივი დეფიციტის პირობებში“, ასევე პარტნიორ ქვეყნებს მიწოდებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის.

"ევროპაში მშვიდობა პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის მდგრადობასა და დაცულობაზე", - შეაჯამა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს მიტანილი სარაკეტო იერიშის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა. სხდომა 24 ნოემბერს გაიმართება.

23 ნოემბერს რუსეთმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა კიევსა და უკრაინის სხვა დასახლებებზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები