რუსეთში 1990-იანების პრაქტიკა ბრუნდება: ნედლეულს ნაღდი ანგარიშსწორებით გაყიდიან

24-11-2022 06:07:25 ეკონომიკა

უცხოური ვალუტის მიწოდების ლეგალური გზების აღმკვეთი დასავლური სანქციების გამო რუსეთში ბრუნდება 1990-იანი წლების ბიზნეს-პრაქტიკა, როცა საქონელი საზღვარგარეთ ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნების სანაცვლოდ გაჰქონდათ.

ფინანსთა სამინისტრომ და ცენტრალურმა ბანკმა შეათანხმეს მექანიზმი, რომელიც რეზიდენტ კომპანიებს ნებისმიერი საქონლის, მათ შორის ნედლეულის ექსპორტის საფასურად ნაღდი ფულის აღების ნებას რთავს. შესაბამისი დადგენილება ნორმატიული აქტების პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, მსგავსი გარიგებების თანხობრივი მოცულობები არ იზღუდება. ამასთან, "ქეშის" მფლობელებს ნებას რთავენ, მიღებული ბანკნოტები არ შეიტანონ ანგარიშებზე რუსულ ბანკებში და გამოიყენონ, მაგალითად, შემხვედრი ანგარიშსწორებისთვის — უცხოეთში საქონლისა და მომსახურების შესაძენად.

გარდა ამისა, ნებადართული ხდება ნაღდი ვალუტის რუსეთში შეტანაც, რის შემდეგაც მფლობელმა იგი შეტანის მომენტიდან არაუგვიანეს 30 დღისა უფლებამოსილ ბანკს უნდა მიჰყიდოს, ან საკუთარ სალაროში შეიტანოს.

ამასთან, კომპანიებს მიეცემათ 45 დღე გაწეული მომსახურების, შესრულებული სამუშაოების, საქონლის გადაცემისა თუ განხორციელებული ანგარიშსწორების დამადასტურებელი საბუთების წარსადგენად.

"ამით ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი ფაქტობრივად, აუქმებენ მოქმედი სავალუტო კანონმდებლობის საკვანძო პრინციპს, რომლის თანახმად, რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის სავალუტო ოპერაციები არანაღდი ფორმით, რუსული ბანკების შუამავლობით უნდა ხორციელდებოდეს", - აღნიშნავენ რუსი სპეციალისტები.

რუსეთის ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, ზაფხულის ბოლოსთვის თითქის ყველა რუსულ ბანკს შეეზღუდა წვდომა საზღვარგარეთის საკორესპონდენტო ანგარიშებზე, რომელთა გარეშეც სავალუტო ოპერაციები შეუძლებელია. შედეგად უცხოეთში გადარიცხვების ოდენობა, რომლის განხორციელებაც შეუძლია საბანკო სისტემას, აბსოლუტურად ვერ ფარავს ეკონომიკის მოთხოვნებს. ეროვნული კლირინგ-ცენტრის შესაძლო დასანქცირება კი რუსეთის წინ "სავალუტო ფარდას" სრულად დაუშვებს, - აღნიშნავენ საბანკო სპეციალისტები.

  • აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია "შავ სიაში" ეროვნული კლირინგ-ცენტრის - მოსკოვის ბირჟის საკვანძო სტრუქტურის შეყვანის შესაძლებლობას განიხილავდა. ასეთ შემთხვევაში რუსეთში უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა შეწყდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ეს სანქცია სამომალოდ გადადო, ოქტომბერში ვალუტის გადინებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ რუსულ ბაზარზე სავალუტო ლიკვიდურობის დეფიციტი წარმოიშვა.

ცნობისთვის: 1 ნოემბრიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი თავის საიტზე ევროპული და ამერიკული ვალუტის კურსების შესახებ ინფორმაციას აღარ აქვეყნებს, ისევე, როგორც სავალუტო ვაჭრობის შესახებ სხვა ცნობებს. ამავდროულად, ბანკი ამზადებს ოფიციალური კურსების გათვლის ახალ წესს, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ამჟამინდელი - საბირჟე გარიგებების საფუძველზე მოქმედი მექანიზმის გამოყენება შეუძლებელი გახდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები