პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას გადასცეს

24-11-2022 10:00:29 მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 23 ნოემბერს განხორციელებული მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას გადასცეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გააკეთა.

ბლაშჩაკის წინადადებაა, რომ ეს სისტემები განთავსდეს უკრაინის დასავლეთ საზღვართან.

"უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა ქვეყანას დაიცავს შემდგომი მსხვერპლისა და ენერგომომარაგების შეწყვეტისგან და გაზრდის უსაფრთხოებას პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე", – აცხადებს მინისტრი.

ბლაშჩაკის წინადადებაზე გერმანიის პასუხი ჯერ–ჯერობით უცნობია.

გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot მას შემდეგ შესთავაზა, რაც 15 ნოემბერს, უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევისას, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლონეთის, აშშ-ის და ნატოს განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს.

23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული, ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები