
ევროკავშირის ელჩი: "ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე"
24/11/2022 07:38:42 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ბლოკის ლიდერები მომავალი წლის ბოლოს იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს, პროცესში იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.
"12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. დრო ჯერ კიდევ არის. რეკომენდაციების იმპლემენტაციას მომავალი წლის გაზაფხულზე შევაფასებთ. ევროკომისიის ფორმალური მოსაზრების წარდგენა ოქტომბერშია მოსალოდნელი და ამის შემდეგ, ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური და კონსტრუქციული, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობითაც“, – განაცხადა ჰერჩინკსიმ.