
დავითაშვილი: "ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოჯისტიკურ ჰაბად"
24/11/2022 10:51:06 ეკონომიკა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
„საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, CAREC- 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში.
„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად – რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე, “- თქვა მან.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ასევე, რომ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება.
„მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.