
სესხის გადაცილების გამო „შავ სიაში“ ნახევარ მილიონზე მეტი პირია
24/11/2022 15:09:36 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში თითქმის 80 000-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სესხის შენატანის გადახდის თარიღს 1 თვეზე მეტი ხნით გადააცილეს.
თუკი 2019 წლის ოქტომბერში ასეთი ფიზიკური პირების რაოდენობა 495 620 იყო, 2022 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 574 715-მდეა გაზრდილი (სხვაობა 79 095 ადამიანია).
ამ სტატისტიკაში შედის კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სალიზინგო კომპანიებისა და სხვა, არარეგულირებადი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები.
გაზრდილია სესხების რაოდენობაც. თუ 2019 წლის ოქტომბრისთვის ზემოთაღნიშული რაოდენობის ადამიანებს 851 332 სესხი ჰქონდა აღებული, 2022 წლის ოქტომბრისთვის პრობლემური სესხების რაოდენობა 1 100 566-მდეა გაზრდილი.
ეროვნული ბანკის განცხადებით,, ასეთი სტატისტიკა 2019 წლის მაისიდან იწარმოება.
ეროვნულ ბანკს ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მიმართა, რაზეც პასუხი 23 ნოემბერს მიიღო.
ამ სტატისტიკის საწყის პერიოდამდე – 2018 წელს, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 600 000-მდე მოქალაქე „შავი სიიდან“ ამოირიცხა და მათი ვალი განულდა.