WSJ: აშშ-მა ოლიგარქების გადამალულ აქტივებზე ნადირობა გამოაცხადა

24-11-2022 21:58:24 ეკონომიკა

დასავლეთის ქვეყნებმა $330 მლრდ-ზე მეტი ოდენობის რუსული აქტივები დააყადაღეს, ქვეყნის სავალუტო რეზერვების ნახევრის ჩათვლით. თუმცა ეს შედარებით მარტივი ნადავლი იყო: იახტები, თვითმფრინავები, უძრავი ქონება, ფული ცნობილ ანგარიშებზე. ამის შემდეგ კი დაიწყო ოლიგარქებისა და ჩინოსნების გადამალული ქონების ძიება. ბოლო თვეებში აშშ-ის ფედერალურ პროკურორებს მოთხოვნების მთელი წყება აქვთ გამოწერილი ინფორმაციის წარდგენაზე, მათ შორის - საქმიან დოკუმენტაციაზე, საბანკო და სატრასტო რეესტრებიდან ამონაწერებზე. მიზანს საბოლოო ბენეფიციარების დადგენა წარმოადგენს, - იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით "The Wall Street Journal" და იქვე დასძენს, რომ განაცხადები ერთდროულად რამდენიმე ფედერალური სასამართლოს შუამავლობითაა წარდგენილი, ნიუ-იორკისა და ხიუსტონის სასამართლო უწყებების ჩათვლით.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს იმ კანონის მიღება სთხოვა, რომელიც გაზრდის ხელისუფლების უფლებამოსილებას რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართულებით და შექმნის იურიდიულ საფუძვლებს დაყადაღებული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად.

"სადღეისოდ არ გაგვაჩნია მწყობრი მექანიზმი ოლიგარქებისგან კონფისცირებული სახსრების უკრაინელი ხალხისთვის გადასამისამართებლად. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ მსგავსი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე" - განაცხადა სენატის იურიდიული კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა შელდონ უაითჰაუსმა.

ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოახდინა ევროკომისიამაც. უკრაინის მთავრობასა და მსოფლიო ბანკთან ერთად მან უკრაინის ეკონომიკის აღდგენის კუთხით მიმდინარე საჭიროებები $349 მლრდ-ად შეაფასა.

ამ ხარჯების დაფინანსებაში დახმარების გაწევის მიზნით აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩამოაყალიბეს საუშაო ჯგუფი "რუსული ელიტები, ოლიგარქები და ხელდასმული ჩინოსნები" (Russian Elites, Proxies and Oligarchs – REPO), რომელიც პუტინის რეჟიმთან დაახლოების წყალობით უკანონო გზით მიღებული და შემდეგ გადამალული აქტივების ძიებითაა დაკავებული.

"პროცესი საკმაოდ რთულია, შრომატევადი და ხანგრძლივი, თუმცა აუცილებელი. ოლიგარქები თავის აქტივებს გადასცემენ ტრასტებს, უფორმებენ ოჯახის წევრებსა და პარტნიორებს, მალავენ აქციათა პაკეტს კომპანიებში, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა მიმოფანტული"- ამბობს ამერიკელი იურისტი კერი სტაინბოუერი, რომელიც ადრე სანქციების მარეალიზებელ "უცხოური აქტივების მართვის ოფისში" (OFAC) მაღალ თანამდებობას იკავებდა.

ამასწინათ, მაგალითად, გაირკვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ოლიგარქმა ალიშერ უსმანოვმა ფირმა "Bridgewaters"-ის მიერ კუნძულ მანიდან შექმნილი კოპანიათა ქსელის მეშვეობით ამერიკულ ლაზერულ სტარტაპ Quanery-ში პირველადი აქციების განთავსებისას $175 მლნ-ის ოდენობის ინვესტირება განახორციელა და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა უსმანოვის მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც ქვეყანაში მისი აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს, OFAC-ში არაფერი იცოდნენ Quanergy-ში ოლიგარქის საქმეების თაობაზე, - განუმარტა გამოცემას ამ საქმეში ჩახედულმა წყარომ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები