
უნგრეთი ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს
24/11/2022 20:12:46 მსოფლიო
უნგრეთის პარლამენტი მომავალი წლის პირველივე სესიაზე მხარს დაუჭერს ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სლოვაკეთში ვიზიტისას, სადაც, "Bloomberg"-ის ინფორმაციით, მასზე ზეწოლა განხორციელდა.
ზეწოლაზე წერს გამოცემა EurActiv-იც, რომლის ნატო-ელი წყაროს ინფორმაციით, "უნგრეთმა აშშ-ის მძლავრ პრესინგს ვერ გაუძლო".
უნგრეთი ერთადერთი დარჩენილი ქვეყანა იყო, თურქეთის გარდა, რომელიც ნატო-ს გაფართოებას მხარს არ უჭერდა.
შვედეთმა და ფინეთმა თავის ნეიტრალურ სტატუსზე უარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადეს და ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები წარადგინეს. მეტიც, მათ გამოთქვეს მზადყოფნა, თავის ტერიტორიებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბირთვული იარაღი განათავსონ.