
მოლდოვაში მასშტაბური ანტირუსული ფლეშმობი "სიბნელეში, მაგრამ #უთქვენოდ" დაიწყო
25/11/2022 01:35:30 მსოფლიო
მოლდოვაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვების ფონზე ანტირუსული ფლეშმობი ჰეშთეგით "Во тьме, но #безвас" ("სიბნელეში, მაგრამ #უთქვენოდ") დაიწყო.
ასე გამოხატავენ ინტერნეტ-მომხმარებლები თავის დამოკიდებულებას რუსული საოკუპაციო გეგმებისა და აგრესიის მიმართ.
"ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს სხვაგვარი მომავალი უნდა ჰქონდეთ! და ჩვენ ვიბრძოლებთ მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ცივილიზებულ სამყაროში!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, რომელთაც უკვე ათიათასობით მოლდოველი ინტერნეტ-მომხმარებელი შეუერთდათ.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტების დაბომბვებს აგრძელებს, რის გამოც უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ნაწილობრივ მოლდოვის ტერიტორიაც ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშეა დარჩენილი. ამ გზით მოსკოვს სურს, უკრაინას მის მიერ ნაკარკახები პირობებით მოლაპარაკებებზე წასვლა აიძულოს.
ომის შეწყვეტა რუსეთს ამჟამად, უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებული კონტრშეტევის ფონზე ძალიან სჭირდება: მობილიზაცია ხომ ფაქტობრივად ჩაუვარდა, რაკეტების მარაგიც ეწურება და ახლა როგორც მოუმზადებელ მობილიზებულთა სამოსის, ისე რაკეტების, დრონებისა და სხვა შეიარაღების ირანისგან შეძენა უწევს.