სომხეთის პარლამენტის სპიკერი: "ერევანი კუხო-ს უმოქმედობას არ შეეგუება"

25-11-2022 06:54:23 კავკასია

სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) სპიკერ ალენ სიმონიანის განცხადებით, ერევანი "არ შეეგუება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) უმოქმედობას".

ჟურნალისტებთან საუბრისას სიმონიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ორიოდ დღის წინ ერევანში გამართულ შეკრებაზე "პოლიტიკური შეფასებაც კი არ მისცეს აგრესიას, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს".

"ირონია იმაში მდგომარეობს, რომ კუხო სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურაა და როდესაც სომხეთი მასში წევრიანდებოდა, სურდა, თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო აგრესიისგან ყოფილიყო დაცული. მაგრამ ახლა ძნელია იმის თქმა, რატომ უნდა დავრჩეთ ამ ორგანიზაციაში, რადგან ჩვენმა პარტნიორებმა არათუ სამხედრო დახმარება არ გაგვიწიეს, არამედ პოლიტიკური შეფასების კუთხითაც კი გაგვიცრუეს იმედი. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, პრემიერ ფაშინიანს შემაჯამებელი დოკუმენტებისთვის ხელი არ მოეწერა. ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორები გონს მოეგებიან და მიხვდებიან, რომ სომხეთის საზღვრები კუხო-ს საზღვრებიცაა. დარწმუნებული ვარ, მათი გადაწყვეტილების მიზეზი აზერბაიჯანთან ძალზე თბილი ურთიერთობაა, მაგრამ დროა, კუხო-მ თავისი არსებობა და ქმედითუნარიანობა დაამტკიცოს", - დასძინა მან.

მიუხედავად ამისა, სომხეთის მთავრობა ამ ეტაპზე კუხო-ს რიგების დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს. როგორც სიმონიანი განმარტავს, დღეს მსგავსი განცხადება "მეტისმეტად ხისტად იქნებოდა აღქმული, თუმცა ერევანი კუხო-ს უმოქმედობასთან შეგუებას ნამდვილად არ აპირებს".

"ჩვენ არ გვითქვამს, რომ გავდივართ კუხო-დან. ეს თავად კუხო გავიდა ჩვენი რეგიონიდან - ასე ჩანს და გვსურს, დაგვიდასტურონ ეს ღიად, ან უარყონ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით" - დასძინა პარლამენტის სპიკერმა.

ამასობაში სომხური ოპოზიცია კუხო-ს მიერ ბაქოს ნაბიჯების პოლიტიკურ შეფასებაზე უარის თქმაში ხელისუფლებასა და უშუალოდ პრემიერ ფაშინიანს ადანაშაულებს.

ერევანში კუხო-ს რიგების დატოვებისა და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტის მოხოვნით აქციები იმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები