
უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს
25/11/2022 06:02:36 ევროპა
დღეს კიევში ჩავა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელიც ოფიციალურად განაცხადებს ახალი ფინანსური დახმარების შესახებ.
BBC-ს ინფორმაციით, ლონდონი 3 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააფინანსებს უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას და 5 მილიონით კიევის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის ხორბლის გაგზავნას.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება. კიევში ვიზიტის წინ, კლევერლიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ქვეყნის აღსადგენად.
19 ნოემბერს კიევში იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთი უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას.