
რუსული სპეცსამსახურის მიერ ლიკვიდირებული "უკრაინელი დივერსანტები" ვორონეჟელი სტრაიკბოლისტები აღმოჩნდნენ
25/11/2022 07:13:40 მსოფლიო
რუსული სპეცსამსახურის მიერ ლიკვიდირებული "უკრაინელი დივერსანტები" სინამდვილეში ვორონეჟელი სტრაიკბოლისტები აღმოჩნდნენ, - იუწყება The Moscow Times.
საუბარია რუსული სახელისუფლებო მედიის მიერ 23 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომლების მიერ "სამი უკრაინელი დივერსანტის" ლიკვიდაციის შესახებ, რომლებიც, სპეცსამსახურის მტკიცებით, საზღვრისპირა ქალაქ ვორონეჟში ენერგოობიექტებზე შეტევის განხორციელებას გეგმავდნენ.
თუმცა როგორც "The Moscow Times"-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რეალურად, მოკლულთაგან ორი ვორონეჟელი სტრაიკბოლისტი იყო და კომპიუტერულ თამაშ S.T.A.L.K.E.R.-ის ფანი.
ФСБ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც ვითომდა "უკრაინელი დივერსანტების" ბინის" დათვალიერებისას არის გადაღებული, ჩანს ბლოკნოტი წარწერით "დაჯგუფება „Свобода“-ს პირადი შემადგენლობის აღრიცხვა", ასევე დროშა მწვანე მგლის პროფილითა და წარწერით «Воля», რომელიც კომპიუტერულ თამაშ S.T.A.L.K.E.R-ში გვხვდება. კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხებმა ეს ემბლემა "უკრაინული ევრომაიდანის სამოქალაქო სექტორის მიერ დაარსებული ულტრამემარჯვენე ნაციონალისტთა ტერორისტული დაჯგუფება «Воля»-ს ემბლემად" გაასაღეს.