ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის ტყეებისა და რიყის დოქების ნაწილს ყიდის

25-11-2022 11:30:39 პოლიტიკა ,ეკონომიკა

ბიზნესმენ დავით ხიდაშელი ამბობს, რომ მთავრობა მას “უსაფუძვლო თავდასხმებისგან” ვერ იცავს და ამ პირობებში გამოსავალს განზე გადგომაში ხედავს. ამიტომაც, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, თავისი ოჯახის საკთრებაში არსებული ქონების ნაწილის გაყიდვა სურს. ბიზნესმენის განცხადება “მთავარმა არხმა” გამოაქვეყნა.

ხიდაშელის თქმით, მან საკუთარ ოჯახს შესთავაზა, გამოცხადდეს ტენდერი, რომლითაც კვალიფიციურ მსურველებს მის მიერ შეძენილი ქონების 50%-ის ყიდვის საშუალება მიეცემათ, 20%-იანი ფასდაკლებით:

“რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა, იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში …

ერთი დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!”.

მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები