"ჰამიდ, მარტო არ ხარ"- მუსლიმმა ახალგაზრდებმა კამპანია Salam დაიწყეს

23-10-2019 08:22:30 საზოგადოება ,სხვა ,სხვა ,მულტიკულტურული საქართველო

Facebook-ზე გვერდი "სალამ" დარეგისტრირდა და სადაც გარდაბნის სკოლის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდამჭერი ვიდეო გამოქვეყნდა. ჩანაწერში ახალგაზრდები ამბობენ, რომ უსამართლობის, ნაადრევი ქორწინების გასაპროტესტებლად მოდიან.


"სალამ, ჩვენ მოვედით, მოვედით, რათა გავაჟღეროთ ჩვენი საზოგადოების და თემის საკითხები, მოვედით, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება. მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა, ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ" - ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.

რამდენიმე დღის წინ, გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში, გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

ინციდენტი მასწავლებლის facebook სტატუსს მოჰყვა. ჰამიდ სადიკოვმა თავისი მოსწავლე გოგოს მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. ამის შემდეგ გოგომ ოჯახში დაბრუნება შეძლო და სწავლა გააგრძელა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები