„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავიანთი ოლიგარქების დაცვას ცდილობენ – დაუშვილი
25/11/2022 09:23:01 პოლიტიკა
მგონია, რომ ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ოლიგარქების დაცვას ცდილობს: ერთსაც და მეორესაც სურს, თავისი ოლიგარქი, ფორმალური მმართველი თუ რასაც დავარქმევთ, თავისი ინიცირებული კანონით დაიცვას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციას ცალკე აღებული კანონი ვერ უზრუნველყოფს და ამისთვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაა საჭირო.
„ცალკე აღებული კანონი, რაც არ უნდა კარგი იყოს, დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს. დეოლიგარქიზაციისთვის აუცილებელია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. ეს არის სასამართლო, პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის გათავისუფლება გავლენის ჯგუფების გავლენებისგან“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული პირობების ნაწილია. მმართველმა გუნდმა მოამზადა პროექტი, რომელიც ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია.
21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მისი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ურჩია.
იხილეთ ასევე: მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა – ჰერჩინსკი


