მედია: კრემლიდან ათავისუფლებენ ჩინოსანს, რომელსაც 2024 წელს პუტინის ხელახლა არჩევა უნდა უზრუნველეყო

25-11-2022 14:19:45 მსოფლიო

ძალოვანების ზეწოლით კრემლიდან ითხოვენ არჩევნების კურატორს, რომელსაც 2024 წელს ვლადიმირ პუტინის მორიგი ვადით არჩევა უნდა უზრუნველეყო, - იუწყება "Медуза" კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ორი რესპონდენტის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო საბჭოს საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხარიჩევი თანამდებობას უახლოეს დღეებში "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" დატოვებს, თუმცა რეალურად, მისი გადაყენება ძალოვანებმა მოითხოვეს მას შემდეგ, რაც უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებაზე გაწეულ ხარჯებს გაეცნენ.

"ძალოვანები, ცოტა არ იყოს, გაოცდნენ, როგორ და რა თანხები იხარჯებოდა საარჩევნო კამპანიებზე. წამოვიდა საჩივრები, ვითარებაში გარკვევის მოთხოვნები. უმთავრესად დანახარჯების მასშტაბებით არიან აღშფოთებულები. რეფერენდუმებზე გაწეული ზუსტი დანახარჯების ოფიციალური შეფასება არ არსებობს, მაგრამ მაგალითისთვის, ერთ 1,5-მილიონიან რეგიონზე "200-500 მილიონი რუბლია" მითითებული" - უამბო სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

სწორედ ხარიჩევი კურირებდა პუტინის ახალი ვადით არჩევას 2018 წელს, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრას 2020-ში და საპარლამენტო არჩევნებს 2021-ში. მისი მუშაობის პერიოდში საარჩევნო ფალსიფიცირებებს დაემატა "კორპორატიული მობილიზაცია", რომლის ფარგლებშიც თითოეული მსხვილი საწარმო ვალდებული იყო, ხმათა განსაზღვრული რაოდენობა უზრუნველეყო და მათი თანამშრომლები საარჩევნო უბნებზე ორგანიზებულად გადაჰყავდათ.

ვინ შეცვლის ხარჩევს - ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ პუტინის საარჩევნო კამპანია ანტიდასავლურ ნარატივებს დაეფუძნება, თუმცა კონკრეტული შინაარსი უკრაინაში ომის მიდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები