სტოლტენბერი: "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია და ჩვენ უკან არ დავიხევთ"

25-11-2022 15:21:36 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ მან ნატო–ს მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება და ის ამაზე უფრო მეტი სისასტიკით პასუხობს – ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული სარაკეტო იერიშების ტალღებით, უკრაინელებს ართმევს სითბოს, სინათლეს და საკვებს. უკრაინისთვის ეს ზამთრის საშინელი დასაწყისია. ეს ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელ მსოფლიოსთვის, ენერგიისა და სურსათის ფასების მატებასთან ერთად. დიახ, ჩვენ ყველანი ვიხდით საფასურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისთვის. მაგრამ საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არის ფული, მაშინ როცა უკრაინელები სისხლით იხდიან. და თუ პუტინს გამარჯვების ნებას მივცემთ, ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად დიდ საფასურს მომავალი წლების განმავლობაში. პუტინი და სხვა ავტორიტარული ლიდერები თუ დაინახავენ, რომ ძალის გამოყენება დაჯილდოებულია, ისინი კვლავ გამოიყენებენ ძალას თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს ჩვენს სამყაროს უფრო საშიშს გახდის, ყველა ჩვენგანი კი, უფრო დაუცველი იქნება. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს ომი. აგრესორი რუსეთია. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია.რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ამ უფლების დაცვაში. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს; თუ ჩაგვრა და ავტოკრატია თავისუფლებასა და დემოკრატიაზე გაიმარჯვებს.

ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგრამ რა ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ასე რომ, ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები