
ალექსანდრე დარახველიძე: "შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს, რათა მეტმა ქალმა იგრძნოს თავი დაცულად"
25/11/2022 11:33:37 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. ამის შესახებ მან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ პრევენციულ ბერკეტს, როგორიც არის შემაკავებელი ორდერი, წლიდან წლამდე მაღალ ნიშნულს ვინარჩუნებთ მსგავსი ორდერების გამოცემის. ასევე, სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.
გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს გადამზადება ჩვენი თანამშრომლების, რომ თითოეული შემთხვევა არ დარჩეს ყურადღების მიღმა, თითოეულ ძალადობის ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. მზად ვართ, მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება. პროგრესისა და მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ, ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა დარახველიძემ.
24 ნოემბერს თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა მაღაზიაში სამუშაოდ მყოფ ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. თავდამსხმელი ამჟამად კლინიკაში იმყოფება.