
შს მინისტრის მოადგილე: "ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად უნდა იგრძნონ"
25/11/2022 11:57:53 სამართალი
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მოძალადემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უმკაცრესად პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
24 ნოემბერს თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა მაღაზიაში სამუშაოდ მყოფ ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. თავდამსხმელი ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
მხოლოდ 2022 წლის პირველ ათ თვეში ქმარმა, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა 16 ქალი მოკლა. 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული.