
სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მიგრანტთა შორის შეტაკება მოხდა
25/11/2022 16:57:06 ევროპა
ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქში, უნგრეთის საზღვართან სავარაუდოდ, მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს.
სერბეთის პოლიციის ცნობით, 20 წლის მამაკაცი, რომელსაც ორი ჭრილობა აქვს მიყენებული გულმკერდის არეში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიცია იუწყება, რომ 25 ნოემბრის ღამეს და დილით სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სროლასა და ასევე მიგრანტების უკანონო შემოყვანაში. რეიდის დროს 600-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი იქნა აღმოჩენილი სერბეთის ჩრდილოეთში და კიდევ 140 - დედაქალაქ ბელგრადში.
არსებული ინფორმაციით, ისინი მიგრანტების მიმღებ ცენტრებში გადაიყვანეს.
სერბეთზე გადის ე.წ." ბალკანეთის მარშრუტი", რომლითაც კონფლიქტებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი ადამიანები ევროკავშირში მოხვედრას ცდილობენ.