
გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს 6–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
25/11/2022 17:16:25 სამართალი
თბილისის საქალაქოს სასამართლომ წყნეთში მოქალაქის გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელი ერიკ წურწუმია დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. ერიკ წურწუმია დამნაშავედ ცნეს ორივე ბრალში — გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
გამოძიების ვერსიით, 18 აპრილს თბილისში „სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი [ერიკ წურწუმია] და სამმართველოს უფროსი, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ“.
„შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი [ზურა გველესიანი] მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა. პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.