Accentnews.ge
ომი, რომელმაც კუშო-ს მომავალი დაასამარა

ომი, რომელმაც კუშო-ს მომავალი დაასამარა

26/11/2022 03:13:51 ანალიზი

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (კუშო) სამიტი, რომელიც გასულ ოთხშაბათს ერევანში გაიმართა, სკანდალით დასრულდა: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შემაჯამებელი დეკლარაციის ხელმოწერაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ დოკუმენტში "არაა დაფიქსირებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების მკაფიო პოლიტიკური შეფასება”. კუშო-ს მიერ სომხეთის ღია მხარდაჭერისთვის თავის არიდება ერევანში იმის დასტურად აღიქმება, რომ მოკავშირეები კვლავ არ არიან მზად მის დასაცავად.

ორგანიზაციის შიგნით მზარდი უთანხმოებები სააშკარაოზე გამოვიდა და კუშო-ს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

წევრი ქვეყნების ლიდერები როგორც ამ სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურის ბედზე, ისე რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთქმედების ფორმატებზე უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდებიან, - თვლის რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფეოდორ კრაშენინნიკოვი.

იძულებითი მეგობრობა კუშო-ს ფორმატში

კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება, რომელიც 30 წლის წინ, 1992 წელს ტაშკენტში გაფორმდა, სსრკ-ის დაშლის ეპოქის ერთ-ერთი რუდიმენტია. იმხანად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ცივილიზებული გაყრის ვარიანტებს ეძებდნენ რიგ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში ურთიერთქმედების შენარჩუნებით.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი თავდაცვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ომებს არავინ ელოდა, სუვერენულ ქვეყნებს სჭირდებოდათ ჯარები, მათი შენახვა და აღჭურვა კი დიდ დანახარჯებს საჭიროებდა. ამდენად, რუსეთის მზადყოფნა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის სამხედრო გარანტიები მიეცა, გარკვეული დროის განმავლობაში მოთხოვნადი იყო: 1990-იანებში კუშო-ში არა 6, არამედ 9 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა შედიოდა.

თავად რუსეთს კუშო, ისევე, როგორც “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა” (დსთ) და სხვა პოსტსაბჭოთა საინტეგრაციო პროექტები, უპირველესად “ზესახელმწიფოს” რენომეს შესანარჩუნებლად სჭირდებოდა, რათა საერთაშორისო არენაზე არა “მრავალთა შორის ერთ-ერთად”, არამედ მის პირობებზე და მისი გარანტიებით მოქმედი რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური კავშირების ლიდერი ქვეყნის სახელით წარმსდგარიყო. ამ კავშირების სხვა წევრები მოსკოვის მიერ ნაკარნახებ თამაშის წესებს სთანხმდებოდნენ, სანაცვლოდ კი რუსეთთან “მეგობრობისგან” თავ-თავის სარგებელს იღებდნენ. კერძოდ, ტრადიციულად, მოსკოვისადმი სამხედრო-პოლიტიკური ლოიალობა რუსულ ბაზარზე წვდომისა და კრედიტების მიღების შესაძლებლობებს ხსნიდა.

კუშო-ს საპოლიციო-დაცვითი არსიმართალია, კუშო იქმნებოდა და დღესაც პოზიციონირებს, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, მაგრამ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობას ორგანიზაცია ყოველთვის თავს არიდებდა. გაცილებით გაბედულია კუშო იქ, სადაც საპოლიციო ფუნქციის შესრულებაა საჭირო.

მიმდინარე წლის იანვარში, მაგალითად, როცა ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის ფონზე კუშო-ელ პარტნიორებს დახარების თხოვნით მიმართა, მან ის მალევე მიიღო, – ყველა შესაბამისმა მექანიზმმა სწრაფად და მკაფიოდ იმოქმედა.

წარმატებული საპოლიციო მისია ყაზახეთში ნათელს ჰფენს კუშო-ს ჭეშმარიტ მიზნებსა და ამოცანებს. თავიდანვე ეს იყო, უპირველესად, დაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მონაწილე პოსტსაბჭოთა რეჟიმებს შიდა მტრის – ოპოზიციის მხრიდან საფრთხის წარმოქმნის შემთხვევებში დაცვის გარანტიებს აძლევდა. შესაბამისად, კუშო-ში შევიდნენ ის ქვეყნები, რომელთა რეჟიმებს მსგავსი გარანტიები ესაჭიროებოდათ.

სრულიად ნათელია, რატომაა ამ “კლუბში” ყოფნა პრობლემური სომხეთისთვის: მისი პრობლემები უკავშირდება აზერბაიჯანსა და მის გვერდში მყოფ თურქეთს, რომლებთანაც მოსკოვი და მით უფრო ცენტრალური აზიის ქვეყნები ურთიერთობების გასაფუჭებლად მზად არ არიან. ფაშინიანის რეჟიმს რომ შიდა ჯანყის ჩახშობა დასჭირვებოდა, აი მაშინ კუშო ნამდვილად დაეხმარებოდა.

კუშო და რუსეთის ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღდეგ გაჩაღებულმა ომმა მისი კუშო-ელი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. უკრაინის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები არც ერთ მათგანს არ ჰქონდა და არც დღეს აქვს, ომის მიმდინარეობა და რუსეთის ქცევა კი მთელ რიგ საკმაოდ შემაშფოთებელ კითხვებს აჩენს:

ხომ არ მოინდოებს რუსეთი, სამომავლოდ რეჟიმი კუშო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაშიც შეცვალოს მისი “ნაცისტურად” ან “ანტირუსულად” გამოცხადების საბაბით?

არის კი რუსეთი რეალურად იმდენად ძლიერი, რომ კვლავაც ვიქონიოთ მის მიერ დაცვის იმედი? უკრაინის წინააღმდეგ ომის 9 თვემ ხომ ნათლად აჩვენა, რომ რუსული არმიის სიძლიერის შესახებ წარმოდგენა აბსოლუტურად მცდარი იყო;

გაწყვიტა რა კავშირები დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან, რუსეთმა გაააქტიურა ურთიერთქმედება სწორედ იმ რეჟიმებთან, რომელთა გავლენის საპირწონედ იქმნებოდა თავის დროზე კუშო. მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის რუსეთთან კავშირი ჩინეთთან დისტანციის შენარჩუნების კუთხით იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ უკრაინასთან ომის გაჩაღების შედეგად პუტინმა რუსეთი, არსობრივად, ჩინეთის უმცროს პარტნიორად აქცია. ცენტრალური აზიის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნებისა და ისლამიზმის ექსპანსიის საფრთხე, ახლა კი ავღანეთის მმართველი თალიბების რეჟიმიც რუსეთის მოკავშირეა.

ადგილი კუშო-ს ნამსხვრევებში

ყველაზე ხისტად კუშო-ს პრობლემები ბელარუსმა დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაახმოვანა, - "თუ, ღმერთმა არ ქნას, [რუსეთი – რედ.] ვერ გაიმარჯვებს, კუშო აღარ იარსებებსო" და იქვე დასძინა, - "თუ დაეცემა რუსეთი, ჩვენი ადგილი მის ნასხვრევებს შორისააო".

თუმცა ძალზე საეჭვოა, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი სამომავლოდ თავის ადგილს კუშო-ს ნამსხვრევებს შორის ხედავდნენ და მზად იყვნენ, ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადონ. მაღალი ალბათობით, ყველა ამ ქვეყანას უკვე განსაზღვრული აქვს სათადარიგო ვარიანტები და ემზადება მოვლენების იმ სცენარით განვითარებისთვის, რომელშიც რუსეთი მარცხდება და იწყება რეგიონში მისი სამხედრო-პოიტიკური დომინირების დაისი.

ეჭვგარეშეა, რომ ევრაზიაში სამხედრო-პოლიტიკური კავშირები სამომავლოდაც იარსებებენ. ამჟამინდელი კუშო-ს წევრ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ურთიერთქმედება მომავალშიც მოუწევთ, რადგან არც ჩინეთი, არც ისლამიზმის საფრთხე არსად გაქრებიან. მაგრამ რუსეთის როლი მსგავს კავშირებში უკვე დღეს გამოიყურება ძალზე საეჭვოდ.

და თუ ამაში ვინმეა დამნაშავე, ეს ვლადიმირ პუტინია: თავისი იმპერიალისტური ამბიციებით მან გაანადგურა ყველაფერი, რაც მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობდა სსრკ-ის რუინებზე და მოსპო რუსეთის მონაწილეობით ახალი საინტეგრაციო პროექტების რეალიზების ყოველგვარი პერსპეტივა, ყოველ შემთხვევაში – თვალსაწიერი მომავლისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S