
ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტირება $100 მლნ-ს გადააჭარბებს
28/11/2022 10:07:05 ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტირება $100 მლნ-ს გადააჭარბებს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
"ეს რკინიგზა ხუთი წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობების ზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიციების ჩადება ქართული მონაკვეთის გაფართოებაში. ეს პროექტი $100 მლნ-ზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე "შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა".
მისივე თქმით, პროექტის დასრულება 1-1,5 წლის განმავლობაში იგეგმება.
მანამდე პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, 2022-2023 წლების განმავლობაში რკინიგზის განვითარებაში ინვესტიციები ჩადოს მისი გამტარუნარიანობის წელიწადში 5 მლნ ტონამდე გასაზრდელად.
სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა ექსპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში გაყვანილია 98 კმ-იანი სარკინიგზო ხაზი ყარსი-ახალქალაქი. მისი 68 კმ-იანი მონაკვეთი თურქეთის ტერიტორიაზე გადის, 30 კმ-იანი - საქართველოზე. ამასთანავე, საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ჯამში $775 მლნ-ის ოდენობის ორი კრედიტი გამოუყო საშეღავათო პირობებით.
რკინიგზის მთლიანი სიგრძე 826 კმ-ს შეადგენს. 2021 წელს ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,1-ჯერ აღემატება 2020-ის მაჩვენებელს.