მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

28-11-2022 15:48:22 პოლიტიკა ,სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდი უნდა განეხილათ კვლავ გადაიდო. სხდომას ბრალდებული არ დასწრებია.

სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და ექს–პრეზიდენტის საზღავრგარეთ გადაყვანას მოითხოვს. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები