
ISW-მა ბელარუსში რუსული ჯარების განლაგების ორი მიზეზი დაასახელა
29/11/2022 06:51:07 ევროპა
ბელარუსში რუსული ჯარების განლაგება სავარაუდოდ, რუსეთის ძალისხმევის ნაწილია სასწავლო შესაძლებლობების გაზრდისა და საინფორმაციო ოპერაციის ჩატარების მიზნით, – ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მოხსენებაში.
”სატელიტური სურათები ნოემბრის შუა რიცხვებიდან მიუთითებს რუსული აღჭურვილობის, მათ შორის მთავარი საბრძოლო ტანკების რაოდენობის ზრდას 230-ე ობუზ-ლესნოვსკის ერთობლივი შეიარაღების საწვრთნელ მოედანზე, ბელარუსში. დამოუკიდებელი ბელარუსული სადამკვირვებლო ორგანიზაცია Hajun Project 28 ნოემბერს იტყობინება, რომ რუსულმა ჯარებმა ბრესტში განათავსეს 15 Tor-M2 საზენიტო–სარაკეტო სისტემა და 10 ერთეული უცნობი საინჟინრო აღჭურვილობა. ეს განლაგება, სავარაუდოდ, მხარს უჭერს რუსეთის ძალისხმევას წვრთნის თაობაზე და არა ბელარუსის მხრიდან საომარი მოქმედებებისთვის მომზადებას... რუს ინსტრუქტორებს შორის საბრძოლო დანაკარგებმა და მობილიზაციის სტრესმა შეამცირა რუსეთის საწვრთნელი შესაძლებლობები, რაც სავარაუდოდ, გაზრდის რუსეთის დამოკიდებულებას ბელარუსის საწვრთნელ პოტენციალზე",– ნათქვამია ანგარიშში.
ISW ექსპერტები ასევე დასძენენ, რომ კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს, გამოიყენოს რუსული ჯარების განლაგება ბელარუსიაში, როგორც საინფორმაციო ოპერაცია, რათა დააფიქსიროს უკრაინული ძალები კიევის გარშემო და თავიდან აიცილოს მათი გამოყენება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში. ISW-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსის ჯარებმა უკრაინას შეუტიონ.
პორტალი "ზერკალო" წინა დღეს, ტელეგრამ–არხ "Live. ბელორუსის რკინიგზის მუშაკთა საზოგადოებაზე“ დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ბელარუსში სარკინიგზო გზით გაგზავნა სამხედრო ტექნიკა: მინიმუმ, 15 Tor-M2 საზენიტო–სარაკეტო სისტემა და 10 ერთეული საინჟინრო აღჭურვილობა.
ბელარუსი სამხედროები უშუალოდ არ მონაწილეობნ უკრაინის ომში, მაგრამ ლუკაშენკომ უზრუნველყო ლოგისტიკური მხარდაჭერა რუსეთს შეჭრისთვის. ასევე, ბელარუსის ტერიტორიიდანაც იბომბება უკრაინის ქალაქები. ოქტომბერში ქვეყნის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აღიარა ბელარუსის მონაწილეობა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსბი „არავის კლავენ“.