
მიაგნეს ГРУ–ს აგენტს, რომელიც ჰააგის სასამართლოში სავარაუდოდ, საქართველოსა და უკრაინის საქმეებზე წვდომის მიღებას ცდილობდა
29/11/2022 08:55:22 ეს საინტერესოა
Bellingcat-მა და The Insider-მა გამოაქვეყნეს გამოძიება რუსეთის ГРУ–ს სავარაუდო ოფიცრის სერგეი ჩერკასოვის თაობაზე, რომელიც ბრაზილიის მოქალაქის საფარქვეშ ცდილობდა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში დასაქმებას. ის დოკუმენტების გაყალბებისთვის დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის არის ნარკორეალიზატორი და მის ექსტრადიციას ითხოვს.
2022 წლის აპრილში ნიდერლანდებმა არ შეუშვა ქვეყანაში სერგეი ჩერკასოვი 33 წლის ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელზე გაცემული დოკუმენტებით, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პრაქტიკაზე მიდიოდა. სხვა საკითხებთან ერთად, ICC იძიებს უკრაინაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო დანაშაულებებს და 2008 წელს საქართველოში შეჭრას. სავარაუდოდ, რუსეთი გეგმავდა ამ საქმეების დოკუმენტებზე წვდომას.
ნიდერლანდებმა აღნიშნული პირი ბრაზილიაში გააძევეს მიუხედავად კარგად დამუშავებული ბიოგრაფიისა, რომელიც საუბრობდა რთულ ბავშვობაზე, ოჯახურ პრობლემებზე, მშობლების სიკვდილზე და ტექნოს სიყვარულზე. თუმცა, Insider-ის ცნობით, ჩერკასოვ-ფერეირას ძლიერი აქცენტი ჰქონდა, რამაც ლეგენდის შენარჩუნების საშუალება არ მისცა. ГРУ–ს ოფიცერს ბრალი ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში ედებოდა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2022 წლის ივლისში რუსეთმა მიმართა ბრაზილიის ხელისუფლებას ჩერკასოვის ექსტრადირების მოთხოვნით, რადგან მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას ნარკორეალიზატორების ჯგუფის ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა.
”ამის მხარდასაჭერად, რუსეთმა ბრაზილიას მიაწოდა ათობით დოკუმენტი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სერგეი ჩერკასოვი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც 2011-2013 წლებში ავღანეთიდან ტაჯიკეთის გავლით ნარკოტიკები კონტრაბანდულად გადაჰქონდა და ნარკოდილერების მეშვეობით რუსეთში ყიდდა“, – წერს The Insider.
Bellingcat ამტკიცებს, რომ რუსი ГРУ–ს ოფიცრის სახელი უბრალოდ შეიყვანეს რეალურად არსებულ სისხლის სამართლის საქმეში. საბრალდებო დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თითოეული წევრის როლი, მაგრამ არა ჩერკასოვის. ასევე, საქმეში ჩართულ ადვოკატებს საქმის მასალებში მისი გვარი არ ახსოვდათ. უფრო მეტიც, ჩერკასოვი ბრაზილიაში იმყოფებოდა სისხლის სამართლის საქმეში აღწერილი მოვლენების განვითარების დროს და ვერ მიიღებდა მონაწილეობას ჰეროინის გაყიდვაში მოსკოვიდან ლიპეცკში.
გარდა ამისა, რუსულ მასალებში წერია, რომ ჩერკასოვი იძებნებოდა. თუმცა, The Insider-მა ვერ შეძლო მისი პოვნა ძებნილ კრიმინალთა მონაცემთა ბაზაში ბრაზილიაში დაკავებამდე. თავად ქვეყანაში სულ მცირე ხუთჯერ ჩავიდა 2015 წლიდან.