აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს

29-11-2022 16:31:13 პოლიტიკა ,სამართალი

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროექტი კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება გახსნა გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის და სწავლების პროცესში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაიზრდება დაინტერესება მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოს თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში.

„საზოგადოებამ რომ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ინსტიტუტის შესახებ, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებითა და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით კიდევ არაერთ ღონისძიებას ჩავატარებთ. ვიმედოვნებ, ჩვენი საერთო მონდომებით შევძლებთ და დროის მოკლე მონაკვეთში ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით“, – აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

როგორც შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა განაცხადა, სტუდენტები ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან, რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა.

„ჩვენ, ამერიკის საელჩო, მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას, რომლის მსგავსიც პრაქტიკულად არ გვქონია. პირველ ყოვლისა, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტს პროკურატურა ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ძალიან კარგია, რომ ტრენინგებში მონაწილეობისთვის ათი უნივერსიტეტიდან არიან სტუდენტები შერჩეული, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ, რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სისტემა და როგორ მუშაობს. ჩვენი საელჩო საქართველოში 13 წელია, ხელს უწყობს ამ სისტემის ჩამოყალიბებას და ახლა მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებიც ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში, რადგან ისინი მომავალი პროფესიონალები არიან“, – აღნიშნა ლენა ოუენსმა.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება.

„კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებას და მათ მომზადებას მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის. კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები