ბრეგაძე - საააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ: "ამის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი არ გვაქვს"

29-11-2022 17:03:44 პოლიტიკა ,სამართალი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მჯსავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია",- განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, "მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია, სწორედ ამიტომ სთავაზობენ მას, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი".

"გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდადებულ სააკაშვილის ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - განაცხადა ბრეგაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადაემოწმებინა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატების გავრცელებული ინფორმაცია:

"მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც განაცხადა მან თანხმობა. შესაბამისად, როცა ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს".

მინისტრმა ასევე ისაუბრა მიზეზზე, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი არ გაიყვანეს "ვივა მედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

"მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები