
უკრაინელმა სამართალდამცველებმა ხერსონის მერის მოადგილე დააკავეს
29/11/2022 13:39:36 ევროპა
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებმა ხერსონის მერის მოადგილე დააკავეს. მას ქალაქის დროებითი ოკუპაციის დროს მტერთან თანამშრომლობას ედავებიან.
უკრაინული მედია წერს, რომ საუბარია 28 ნოემბერს დაკავებულ ვლადიმირ პეპელზე.
ფართომასშტაბიან ომამდე ის პასუხისმგებელი იყო საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაზე. ხერსონის ოკუპაციის შემდეგ მან ოკუპანტებთან თანამშრომლობა დაიწყო და პასუხისმგებელი იყო საბინაო და კომუნალურ მომსახურებაზე.
"ის მონაწილეობდა საბინაო და კომუნალური საწარმოების მუშაობის ორგანიზებაში რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ჩამოაყალიბა საოკუპაციო სისტემები საბინაო და კომუნალური მომსახურებისთვის მოსახლეობისგან გადასახადების შეგროვებისთვის. მან ასევე მოამზადა რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსზე ყალბი რეფერენდუმის ჩასატარებელი შენობა",– წერს მედია და დასძენს, რომ დაკავებისას მამაკაცს აღმოაჩნდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია და სხვა პროპაგანდისტული მასალები.