IAEA უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს

29-11-2022 19:29:33 ევროპა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს, - ამის შესახებ აესს-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ დმიტრო კულებასთან ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნაზე. მე ასევე დავადასტურე, რომ IAEA გააძლიერებს საკუთარ წარმომადგენლობას უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად”, - წერს გროსი.

თავის მხრივ, კულებაც აღნიშნავს, რომ გროსისთან მან ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება განიხილა.

“ბუქარესტში ჩემი ვიზიტი IAEA –ს გენერალურ დირექტორ რაფაელ გროსისთან შეხვედრით დავიწყე. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება განვიხილეთ, მათ შორის უკრაინული პერსონალის უსაფრთხოება. აღვნიშნე, რომ ბირთვული უსაფრთხოების აღსადგენად რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს”, - წერს კულება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები