Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტი გაუძვირა

29-11-2022 19:41:39 ევროპა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა.

29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან 75 დოლარამდე გაიზრდება. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება.

ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი მიაწოდა. ისინი კავშირის შენარჩუნების საშუალებას იძლევა ისეთ პირობებშიც, როცა ინტერნეტთან დაკავშირების სხვა საშუალებები არ მუშაობს. საბრძოლო მოქმედებების პირობებში კავშირის ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს საბრძოლო ოპერაციების ორგანიზებისთვის.

სექტემბერში SpaceX-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ აღარ შეუძლია დააფინანსოს უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის ტერმინალების გაგზავნა და პენტაგონს სთხოვა, დაფინანსება საკუთარ თავზე აიღოს. ოქტომბრის შუა რიცხვებში მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ი განაგრძობს უკრაინისთვის Starlink-ის კავშირის დაფინანსებას.

ოქტომბრის ბოლოს Starlink-ის სატელიტური კავშირის 1300 ტერმინალი გაითიშა დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები