სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებებს პასუხობს

29-11-2022 20:40:39 პოლიტიკა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ბრიფინგს ეხმიანება და ამბობს, რომ მინისტრის განცხადებაში ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ფიქსირდება.

„რა უნდა ვუპასუხო. ახლა მათი პასუხია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღეს უკვე გადმომეცა და უახლოეს დღეებში სასამართლოს მივმართავ შუამდგომლობით. სასამართლო პროცესზე გაირკვევა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ. თუ ადეკვატური მკურნალობა უტარდება, მაშინ რატომ გვთავაზობს იუსტიციის მინისტრი უცხოელი ექიმის ჩამოყვანას? ერთ განცხადებაში ორი ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიცია არის. თუ კვალიფიციური დახმარება უტარდება და ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ, რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმი? თუ კარგი მკურნალობა უტარდება, რატომ მძიმდება პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად?",- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზი გააცნო, რომელიც მისივე გადაწყვეტილებით, არ გასაჯაროვდება.

„მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დიაგნოზი გავაცანი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უნდა გასაჯაროვდეს. დიაგნოზის ჯდება იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების მიხედვით სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებას. ვნახოთ სასამართლოს განთავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას , შევიკრიბებით იურისტები და გადავწყვეტთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან ადვოკატს თქმით, სასჯელის გადავადების საკითხს სასამართლო წყვეტს და არა პოლიტიკოსები.

"შეკვეთილი მაქვს რამდენიმე ცალი მოსამართლის მანტია, ყველა ვინც გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედის, საჩუქრად გავუგზავნი მოსამართლის მანტიას. ჩაიცვან სახლში და იარონ მოსამართლის მანტიით. მათი გადასაწყვეტი არ არის სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდება თუ არა, ამას სასამართლო წყვეტს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს.

„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები