მელია: "სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება"

30-11-2022 10:07:16 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება".

„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად - არც შედეგს. სრულიად ვიზიარებ და ვიზიარებდი მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების პოზიციას სასამართლო გადაწყვეტილებამდე პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე. ამ ეტაპზე, როგორც ჩვენი, ისე უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების მთავარი საზრუნავი იყო და არის სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა, საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება და ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში", - წერს მელია სოციალურ ქსელში.

მას მიაჩნია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაიწყება.

„ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ მითქვამს, როგორც ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობას და უსამართლობას არ/ვერ შევეგუებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება. მანამდე კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებ, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ. მსურს, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ერთობის უდიდესი მნიშვნელობა - ძალა ერთობაშია", - აცხადებს ნიკა მელია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იგეგმება სასამართლოსთვის მიმართვა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით.

ცნობისთვის: იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია.

მისი თქმით, "მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია, სწორედ ამიტომ სთავაზობენ მას, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი".

"გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდადებულ სააკაშვილის ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - განაცხადა ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები