კალაძე – "TV პირველის" საქმის შესახებ: "ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მათ მიერ გავრცელებული ტყუილის საჯარო უარყოფას"
30/11/2022 13:25:00 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "TV პირველის" საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება".
"ტვ პირველის" საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია. ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება. ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თოთოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში. ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.
რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის", – აცხადებს კალაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ.
"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხი ვერ გადაიხდის იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიასა და მის წამყვანს მაია მამულაშვილს დააკისრა კახა კალაძის სასარგებლოდ. საუბარია 15 000 ლარზე.
"TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად, შემდეგ ნაბიჯი იქნება – კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან ამ თანხის ოდენობის ნივთები – სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი. ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად", - აცხადებს მელაძე.


