Accentnews.ge
გაზი, რუსეთ-ირანის დაახლოება: კარტელი თუ კონკურენცია?

გაზი, რუსეთ-ირანის დაახლოება: კარტელი თუ კონკურენცია?

30/11/2022 15:15:00 ანალიზი

2022 წლის ბოლოსთვის რუსეთი და ირანი აღმოჩნდნენ მსგავს მდგომარეობაში – ხისტ კონფრონტაციაში დასავლეთთან, რომელიც მათ წინააღმდეგ ახალ-ახალ სანქციებს აწესებს. რა გასაკვირია, რომ მოსკოვი და თეირანი ამ პირობებში ინტენსიურად წავიდნენ დაახლოებაზე — არა მარტო სამხედრო სფეროში, არამედ ენერეტიკაშიც. მხარეებმა გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ირანის გაზის პროექტებში კოლოსალური - $40 მლრდ-ის მოცულობის რუსულ ინვესტიციებს ითვალისწინებს და შეუდგნენ კიდეც მის რეალიზებას. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ირანი პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ მსოფლიოში გაზის მარაგების მოცულობების კუთხით, ბევრმა მათ თანამშრომლობაში “გაზის გლობალური კარტელის” ჩამოყალიბების საფრთხე დაინახა. თუმცა გაუძლებს კი ეს გრანდიოზული გეგმა შეჯახებას რთულ რეალობასთან? არაერთი ამ პროექტის რენტაბელობა კითხვებს იწვევს, ხოლო მათ რეალიზებას სასანქციო შეზღუდვების გამო დიდი სირთულეები ელის. გარდა ამისა, რუსული დემპინგი არაერთ პრობლემას უქადის თეირანს, რომლის ტრადიციული პარტნიორები ახლა მნიშვნელოვან ფასდაკლებებს ელიან. რუსეთისადმი ირანის პოლიტიკური ელიტის ისტორიული უნდობლობის გათვალისწინებით კი, ეს კავშირი შესაძლოა, მხოლოდ სიტუატიური აღმოჩნდეს და გასტანოს მხოლოდ მანამ, სანამ ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყება.

რთული გზა ევროპისკენ

მალევე მას შემდეგ, რაც ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი უკრაინაში შეჭრის გამო პრობლემებს გადააწყდა, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ დაცარიელებულ ევროპულ ბაზარზე საკუთარი გაზის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავდა. თეორიაში, მსგავსი ინიციატივა ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ რეალობაში, თეირანის მხრიდან გაზის საკითხში კონკურენცია – ეს ერთ-ერთია იმ სამ სირთულეს შორის, რომელიც მოსკოვს ყველაზე ნაკლებად უნდა აღელვებდეს: მოკლევადიან პერსპექტივაში ირანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება გამორიცხულია.

ამის მიზეზი დასავლეთის ქვეყნების თანმიმდევრული პოლიტიკაა. სამი ათწლეულის განმავლობაში ევროპა და აშშ სისტემატიურად ახდენდნენ თეირანის იზოლირებას ენერგორესურსებით ვაჭრობასა და მათ ტრანზიტთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისაგან. ირანის კონკურენტები, როგორებიცაა რუსეთი და კატარი, მთელი ამ ხნის განმავლობაში გაცილებით სანდო და პერსპექტიულ პარტნიორებად წარმოჩინდებოდნენ, ძნელად გასაგებ და ანტიდასავლურ ისლამურ რესპუბლიკასთან შედარებით.

საბოლოო წერტილი ირანულ მიმართულებას ამერიკულმა სანქციებმა დაუსვა. სწორედ მათ შეუშალეს ხელი ირანში გაზის გათხევადების ტექნოლოგიების დანერგვასა და ევროპისკენ მილსადენების მშენებლობას. შედეგად თეირანი გაზის შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და უმნიშვნელო რეგიონულ ექსპორტზე (უმთავრესად – თურქეთსა და ერაყში) კონცენტრირდა.

თვალსაწიერ მომავალში სანქციების გაუქმების შანსები მცირეა — ისინი ბმაშია ბირთვულ შეთანხმებასთან, რომლის განახლების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. თუმცა რომც მოუხსნან ირანს სანქციები, ქვეყანას არაერთი წელი დასჭირდება თხევადი გაზის ტერმინალების შესაქმნელად, რომ აღარაფერი ვთქვათ მილსადენების მშენებლობაზე.

ფორმალურად, არსებობს სხვა გამოსავალი. თეირანმა უკვე განაცხადა, რომ გეგმავს გაზის ექსპორტს ომანში, რომელიც თხევადი აირის ჭარბ სიმძლავრეებს ფლობს. ამ გზით შესაძლებელია სანქციებისთვის გვერდის ავლა: ევროპელი იმპორტიორები ომანთან შეთანხმებებს გააფორმებდნენ, მაგრამ არსობრივად, ირანულ გაზს მიიღებდნენ. თუმცა ამისათვის საჭიროა 400 კმ-იანი გაზსადენის აშენება, ეს კი, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, სულ მცირე, ორ წელიწადს საჭიროებს.

უკეთესი ვარიანტების არარასებობის პირობებში ირანმა შესაძლოა, ისარგებლოს ენერგომოხმარების შემცირებისკენ ევროკავშირის სწრაფვით და დაიწყოს იმ პროდუქციის მიწოდება, რომლის წარმოებისას გაზი გამოიყენება. პერსპექტიული საქონელი ირანული ფოლადია, რომლის ექსპორტს ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე უკვე ახორციელებს. თუმცა აქაც სანქციები ამის პირდაპირი გზით განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა. გარდა ამისა, ნაკლებ სავარაუდოა, თავად ირანულმა ფოლადმა გაზის ევროპულ ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალოს.

მოსკოვის პროექტები

ამ ვითარებაში რუსეთი გაზის დარგში ირანისთვის პერსპექტიულ პარტნიორად წარმოჩინდება. წარსულში მოსკოვს ამ სფეროსადმი ინტერესი არაერთგზის გამოუთქვამს, თუმცა რეალური მუშაობა არ წარმართულა. რუსული “გაზპრომის" მიერ თეირანში გახსნილი წარმომადენლობა შემოიფარგლებოდა ფორმალური წარმოდგენილობით. რუსულ კონცერნს არ სურდა, გაერისკა დასავლური პროექტებით სანქციების ქვეშ მყოფ ირანთან ურთიერთობების განვითარების ფასად.

მაგრამ ამჯერად რუსეთისთვის დასავლური სანქციების შიში წარსულს ჩაბარდა. შედეგად ივლისში ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ (NIOC) და “გაზპრომმა” ხელი მოაწერეს მემორანდუმს $40 მლრდ-იანი ინვესტიციების თაობაზე. ნოემბერში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეჰდი საფარიმ განაცხადა, რომ ხსენებული თანხიდან $6,5 მლრდ-მა უკვე მიიღო კონტრაქტის სახე.

მაგრამ ეს ხდება იმ მომენტში, როცა “გაზპრომს” რთული დრო უდგას. უზარმაზარ ევროპულ ბაზარზე გაზის ექსპორტი ერთბაშად შემცირდა, განსხვავებით კომპანიაზე საგადასახადო წნეხისაგან, რომელიც პირიქით, გაიზარდა. უკვე დღეს “გაზპრომი” ბიუჯეტში ყოველთვიურად დამატებით 416 მლრდ რუბლს იხდის და ეს თანხა შესაძლოა, კიდევ 50 მლრდ-ით გაიზარდოს, გადახდების ვადა კი 2025 წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს.

კონცერნი 2022 წელს გაზის ფასების ზრდის გამო რეკორდული ფინანსური მაჩვენებლების შესახებ იუწყება. თუმცა პოზიტიური დინამიკა შესაძლოა, მხოლოდ დროებითი აღმოჩნდეს, თუ გავითვალისწინებთ ევროპაშო საექსპორტო მოცულობების კატასტროფულ კლებას. ირანულ პროექტებში მასშტაბური ინვესტიციები კი “გაზპრომის” ბიუჯეტს დამატებით ტვირთად ექცევა.

სხვა ყველაფერთან ერთად, რუსეთი ორი მსხვილი ირანული საბადოს (“სამხრეთ პარსისა” და “ქიშის”) ათვისებაში გეგმავს მონაწილეობას. უკვე ჩამოყალიბებულია საგზაო რუქა და რამდენიმე სამუშაო ჯგუფი. თუმცა პროფილური ანალიტიკოსები ამ პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები. ამ საბადოების ათვისებისთვის საჭიროა განსაკუთრებული, მაღალი ხარისხის მილები, რომლებიც არც რუსეთში იწარმოება, არც ირანში, ხოლო ევროპიდან, ან, მაგალითად, იაპონიიდან მიწოდებები შეუძლებელია სანქციების გამო.

უფრო პრაქტიკულად გამოიყურება სხვა პროექტი: გაზის სვოპი ირანული ტერიტორიის გავლით. საუბარია რუსული გაზის ექსპორტზე ირანში შემდგომში მესამე ქვეყნებში იმავე მოცულობით უკვე ირანული გაზის მიწოდებით. თეირანი გასული წლიდან უკვე იყენებს სვოპურ სქემას ბაქოსა და აშხაბადთან ურთიერთობებში. ირანი ყოველწლიურად თურქმენეთისგან 1,5–2 მლრდ კუბურ მეტრ გაზს იღებს, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შიდა საჭიროებისთვის გამოიყენება. იმავე მოცულობის გაზს ირანი ექსპორტზე უშვებს აზერბაიჯანისკენ მიმავალი გაზსადენით.

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, ირანისთვის 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება უკვე წელს შეიძლება, გაფორმდეს. ვარაუდობენ, რომ რუსეთი ისლამურ რესპუბლიკას გაზს აზერბაიჯანის გავლით (პოტენციურად თურქმენეთიც განიხილება) მიაწვდის. რუსულ ექსპორტს ირანელები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გამოიყენებენ, მათი საკუთარი გაზი კი თურქეთისა და ერაყისკენ წავა სქემის სომხეთსა და ავღანეთზე გაფართოების პერსპექტივით. სვოპური სქემა განსაკუთრებით აქტუალურია ირანისთვის მოხმარების ზრდის სეზონზე (ზამთარში), როცა ქვეყანა ერაყსა და თურქეთში თავისი ექსპორტის უზრუნვეყოფის კუთხით პრობლემებს აწყდება.

პოტენციურად სვოპი შეიძლება, გავრცელდეს პაკისტანსა და ომანზეც. თუმცა პირველ შემთხვევაში პრობლემას კვლავ სანქციები წარმოადგენს. პაკისტანმა უკვე შეაჩერა ირანიდან მომავალი გაზსადენის პროექტის რეალიზება აშშ-ის ზეწოლის გამო. რაც შეეხება ომანსა და ამ ქვეყანაში თხევადი აირის უკვე ხსენებულ სიმძლავრეებს, აქ რუსეთისთვის შესაძლოა, გახსნილიყო ახალი გზა მსოფლიო ბაზრებისკენ. თუმცა ეს საკითხი კვლავ აუცილებელი გაზსადენის მშენებლობას უკავშირდება.

და ბოლოს, ირანი რუსეთის დახმარებით თხევადი აირის ტერმინალების მშენებლობას გეგმავს. თუმცა აქ ჩნდება კითხვები როგორც ვადებთან, ისე ტექნოლოგიურ ბაზასთან დაკავშირებით. თხევადი აირის სრულფასოვანი ტერინალები დღემდე არც რუსეთში ყოფილა შექმნილი, არც ირანში, ხოლო ახლა, ორივე ქვეყნის ტექნოლოგიური იზოლაციის პირობებში, ეს ამოცანა რთულად გადასაწყვეტად წარმოჩინდება.

გრძელვადიანი თამაში

დასავლეთის მიერ რუსეთის იზოლირების მცდელობა თითქოსდა კარგი შესაძლებლობაა ირანისთვის გამოთავისუფლებული ნიშების დასაკავებლად, თუმცა რეალურად, ეს ახალ პრობლემებს ქმნის. თეირანისთვის რთულია, კონკურენცია გაუწიოს რუსეთს გაზის ფასების მიმართულებით, რადგან ევროკავშირისთვის მიწოდების მოცულობების შემცირების პირობებში რუსული მხარე მზადაა დიდი ფასდაკლებებისთვის.

უპირველესად, მძაფრდება კონკურენცია თურქული ბაზრისათვის, საითაც მილსადენები როგორც ირანიდან, ისე რუსეთიდანაა გაყვანილი. ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა გაერთიანების ხელმძღვანელი სეიდ ჰამიდ ჰოსეინი ჯერ კიდევ მაისში ჩიოდა, რომ რუსულმა დემპინგმა გაზის ფასი მთელს რეგიონში დააგდო და ირანელებს ადაპტირება უწევდათ. თეირანისგან მნიშვნელოვან ფასდაკლებებს მოითხოვენ ავღანეთის მსგავსი ცალკეული ბაზრებიც კი.

ირანის გაზის დარგი საერთოდაც უზარმაზარ პრობლემებს აწყდება. მარაგების მოცულობების კუთხით ირანი მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ. ამასთან, მოსკოვმა 2021 წლის შედეგებით, 241 მლრდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, ირანმა კი – მხოლოდ 17 მლრდ-ის.

დარგს ორი სახელმწიფო კორპორაცია აკონტროლებს, რომელიც ნავთობის სამინისტროსთანაა აფილირებული: ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (NIOC) და გაზის ეროვნული კომპანია (NIGC). პირველი, ნავთობდარგის გარდა, გაზის მოპოვებაზეცაა პასუხისმგებელი, მეორე კი – გაზის ტრანსპორტირება-მიწოდებაზე, ქსელების მშენებლობის ჩათვლით. არაეფექტური მართვის, ტექნოლოგიების უკმარისობის, საკადრო პრობლემებისა და მოსახლეობისთვის სუბსიდირებადი ფასების გამო სადღეისოდ ეს დარგი წამგებიანი უფროა. გაზის შიდა ბაზარზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.

მთლიანობაში, რუსეთი არაა დაინტერესებული, ირანმა საკუთრი გაზის კუთხით არსებული ჭაობიდან ამოსვლა შეძლოს. მაგრამ ამავდროულად ნათელია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა შესაძლოა, ირანის გაზის დარგი სულ რამდენიმე წელიწადში შეცვალოს. ამიტომაც სანამ ევროპა სანციების გამო ირანში ინვესტირებას ვერ ახორციელებს, მოსკოვი ცდილობს, პირველმა ჩაიგდოს ხელში ირანის გაზის დარგზე ზემოქმედების ბერკეტები. და ეს მიდგომა ეხება არა მარტო გაზის მოპოვებას, არამედ მისი ახალი საექსპორტო მარშრუტების შექმნასაც.

თუმცა რუსეთის გაზის მთელი დარგის მასშტაბებში ირანის გავლით პოტენციური სვოპის მოცულობები ჯერ-ჯერობით არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურება. გეგმაში გაწერილი საინვესტიციო თანხა - $40 მლრდ ძნელად ჯდება ორივე ქვეყნის ეკონომიკების ურთულეს მდგომარეობაში, განსაკუთრებით – იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი პროექტის რენტაბელობა კითხვებს ბადებს.

თუ ამას დავამატებთ რუსეთის მიმართ ირანის პოლიტიკური ელიტის ტრადიციულ უნდობლობას, რთული წარმოსადგენია, თეირანი მზად აღმოჩნდეს, დიდხანს ეგუოს უმცროსი პარტნიორის როლს ერთობლივ პროექტებში. მეტად სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი რთული გარემოებები აიძულებდეს ირანს, მსოფლიო ბაზრებზე გასვლის ნებისმიერ შესაძლებლობას წაეპოტინოს სამომავლო სირთულეებზე ნაკლებად ფიქრით.

რუსეთის ხელისუფლების გათვლით, გაზის მარაგების კუთხით მსოფლიოს ორი წამყვანი მოთამაშის თანამშომლობამ მოსკოვს კიდევ ერთი ბერკეტი უნდა შეუქმნას მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლისთვის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გაზის მთავარი იმპორტიორი - ევროკავშირი არა მარტო ინარჩუნებს ძველ სანქციებს პოტენციური კარტელის ორივე მონაწილის მიმართ, არამედ ახლებსაც აწესებს.

მასალა გამოქვეყნებულია კარნეგის ფონდის საიტზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S