
„არ ვიცი, რა მოგვივა“: 88 რუსი სამხედრო ლუგანსკში ჰყავთ დატყვევებული ბრძოლაზე უარის თქმის გამო
01/12/2022 06:43:37 ევროპა
88 რუსი მობილიზებული, რომლებმაც უარი თქვეს ფრონტის ხაზზე დაბრუნებაზე, იძულებით აკავებენ ლუგანსკის რაიონის სოფელ მაკაროვოში მდებარე ყოფილი ბავშვთა ბანაკის "ბერიოზკას" ტერიტორიაზე, - იუწყება ტელეგრამ-არხი ASTRA ერთ-ერთი მობილიზებულის ცოლზე დაყრდნობით, რომელიც სვერდლოვსკის რეგიონიდანაა.
ქალის თქმით, მისი ქმარი 27 სექტემბერს გაიწვიეს, იმავე დღეს ის და სხვა წვევამდელები ეკატერინბურგის No32 სამხედრო ბანაკში ჩავიდნენ, 28 სექტემბერს – დონის როსტოვში, საღამოს კი – მაკაროვოში. სამდღიანი წვრთნის შემდეგ მამაკაცები ზმეევკაში სანგრების თხრის მიზნით გადაიყვანეს, ხოლო 31 ოქტომბერს, პლოსჩანკას დასახლების მიდამოში მათ ცეცხლი გაუხსნეს, მანქანა დაიბომბა. სამი დღის განმავლობაში მობილიზებულები მხოლოდ ავტომატებით იწვნენ მინდორში, სროლის შესაძლებლობის გარეშე.შემდეგ მეთაურის ბრძანებით, ჯარისკაცები დაბრუნდნენ ზმეევკაში, მაგრამ მან ბრძანა პლოსჩანკაში დაბრუნება. მობილიზებულთა უმეტესობამ უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და დაწერა ახსნა-განმარტებები, რის შემდეგაც მათ იარაღი ჩამოართვეს და „ბერიოზკას“ ბანაკში გადაიყვანეს.
ქალი ქმრის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მობილიზებულებს ბანაკში ემუქრებიან.
„სამხედრო პროკურატურიდან მეთაურები მოდიან და მათ აიძულებენ, 3–წლიანი კონტრაქტს გააფორმონ. ყველანაირად აშინებენ. მობილიზებულები ცდილობდნენ, გადაეღოთ, როგორ ესაუბრებოდნენ მათ, ეს შენიშნეს მეთაურებმა და ტელეფონი დაუმტვრიეს", - თქვა ქალმა.
ქალმა მიმართა საგამოძიებო კომიტეტს და რუსეთის სამხედრო პროკურატურას, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.
ASTRA-მ მოიპოვა ბანაკში მყოფი ერთ-ერთი მობილიზებულის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. ჩანაწერში კაცი ყვება, რომ მას და მის კოლეგებს „საკვებს და წყალს არ აძლევენ და ცდილობენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გატეხონ“.
„არ ვიცი, რა მოგვივა. 88 ვართ. ბოლომდე მივდივართ. საბუთებს არ გვაძლევენ, როსტოვის რაიონში არ გადავყავართ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ფრონტზე წაგვიყვანონ“, - უამბობს მობილიზებული ნათესავს.
მანამდე „აგორას“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან და პსკოვიდან საკონტრაქტო ჯარისკაცები ალექსანდრე აფონინი და ანდრეი ვასილიევი, 280 კოლეგასთან ერთად, ციხის სარდაფში ჰყავდათ დატყვევებული ე.წ. ბრძოლაზე უარის თქმისთვის. ორი კვირის განმავლობაში სამხედროებს „არაადამიანურ პირობებში, სათანადო საკვების გარეშე“ ამყოფებდნენ, სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები და მეთაურები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
იმის შესახებ, რომ საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ რუს სამხედროებს, რომლებმაც უარი თქვეს ფრონტის ხაზზე დაბრუნებაზე, სარდლობა სარდაფებში ამყოფებს, მედია ივლისიდან წერს.