სარჯველაძე – ჩეხეთის ელჩის განცხადების შესახებ: “არ არის მაინცდამაინც კორექტული საქციელი”
02/12/2022 11:02:20 პოლიტიკა
„მე ვამჯობინებდი, რომ როცა ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე განცხადებას აკეთებს, ის ცოტა მეტად წინდახედული იყოს“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმად, "საქართველოში ჩეხეთიდან ექსპორტი გაორმაგებულია და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ხვდება".
სარჯველაძის თქმით, როდესაც ელჩი მსგავს განცხადებას „დარწმუნებით ხარისხში“ აკეთებს, დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელი არ ჰგონია.
„მაგალითად, გარკვეული საქონელი იმპორტირდებოდა უკრაინიდან და იქ იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არის. როცა ასეთ დროს იზრდება ვაჭრობა ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოსთან და თან იმ ფონზე, რომ სასურველი არაა ისეთი მომწოდებლების ძებნა, რომელიც ევროკავშირს მიღმაა, არ ვიცი ამაში უცნაური რა არის. გაანალიზონ კი ბატონო. ჩეხეთის ელჩი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და იმ სახელმწიფოზე, რომელსაც წარმოადგენს. აუცილებლად მოვიკითხავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ კუთხით რა კითხვები დაებადა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მეგონა, რომ ან ინტერპრეტაცია იქნებოდა, ან სხვა რამ. იმიტომ, რომ ეს არ არის მაინცდამაინც კორექტული საქციელი. პირდაპირ ვიტყვი, დიდი პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც დარწმუნებით საუბრობს, რომ ამ შემთხვევაში სხვა მოვლენაა. ასეთ დროს, დიდ პასუხისმგებლობას იღებს პირადად თავის თავზე და დიდ პასუხისმგებლობა ჰკიდებს ევროკავშირის სახელმწიფოს, რომელსაც ის წარმოადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.


